გაეროს ბავშვთა სააგენტოს UNICEF-ის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი კატასტროფული ხდება რეგიონში მილიონობით ბავშვისთვის.
როგორც UNICEF-ის განცხადებაში ნათქვამია, ირანზე აშშ-ისრაელის პირველი დარტყმების შემდეგ, 1100 ბავშვი დაშავდა ან დაიღუპა.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ირანში 200, ლიბანში – 91, ისრაელში – 4, ხოლო ქუვეითში 1 ბავშვი დაიღუპა.
„არაფერი ამართლებს ბავშვების მკვლელობას და დასახიჩრებას, ან იმ აუცილებელი სერვისების განადგურებას და შეფერხებას, რომლებზეც ბავშვები არიან დამოკიდებულნი“, – ნათქვამია განცხადებაში.
UNICEF აცხადებს, რომ ის კიდევ ერთხელ ადასტურებს გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის მოწოდებას „ბრძოლის დასრულებისა და დიპლომატიური მოლაპარაკებების დაწყების შესახებ“.
UNICEF ასევე მოუწოდებს მხარეებს, მიიღონ „ყველა საჭირო ზომა ომის წარმოების საშუალებებისა და მეთოდების არჩევისას, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენება”.















