ევროკავშირი ქვეყნების გაერთიანებაში გაწევრიანების ახალ, მკაცრ მოდელზე მუშაობს, რათა თავიდან აიცილოს ე.წ. უნგრეთის სცენარი, როცა წევრი სახელმწიფო ერთსულოვანი ხმის მიცემის ფუნქციას მუდმივად ბლოკავს და მსგავს წნეხზე მხოლოდ მაშინ ამბობს უარს, როცა სანაცვლოდ კონკრეტულ, მისთვის სასურველ შედეგს იღებს.
როგორც Politico წერს, ბრიუსელის ამჟამინდელი მთავარი პრიორიტეტი ისეთი დამცავი მექანიზმების შექმნაა, რომლებიც საშუალებას მისცემს ბლოკს, ოპერატიულად უპასუხოს დემოკრატიის ან კანონის უზენაესობის მხრივ უკან გადადგმულ ნაბიჯებს.
როგორც გამოცემა წერს, ბოლო პერიოდში უნგრეთი ევროპულ პოლიტიკურ წრეებში ერთგვარ გამაფრთხილებელ გაკვეთილად იქცა, რადგან ვიქტორ ორბანის მთავრობის მიერ არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისა და უკრაინის დახმარების დაბლოკვამ გაერთიანების ქმედითუნარიანობა და ეფექტურობა შეამცირა. როგორ ირკვევა, სწორედ მსგავსის განმეორების რისკების გადასაზღვევად, ბრიუსელმა უკვე დაიწყო მონტენეგროსთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმულირება და ცვლილება ისე, რომ ის გახდეს ნიმუში ყველა მომავალი წევრისთვის, მათ შორის უკრაინისა და ისლანდიისთვის.
არსებული ინფორმაციით, შედეგის მისაღწევად ევროკომისია „გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიების“ შემოღებას განიხილავს, რაც გულისხმობს კანდიდატი ქვეყნის მიერ ევროპული ღირებულებების დარღვევის შემთხვევაში გარკვეული სანქციების ავტომატურ ამოქმედებას. ერთ-ერთ ყველაზე რადიკალურ იდეად ვეტოს უფლების დროებითი შეჩერება განიხილება, რაც იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ ახალი წევრი ქვეყანა კანონის უზენაესობის პრინციპებს დაარღვევს.
პარალელურად, თავად მონტენეგროში რეფორმების დაჩქარებული ტემპი შიდაპოლიტიკურ დაძაბულობას იწვევს. პრეზიდენტი იაკოვ მილატოვიჩი პარლამენტს კანონების ნაჩქარევად მიღების გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ დეპუტატები ხშირად ტექსტების სიღრმისეული განხილვის გარეშე აძლევენ მათ ხმას. ევროპელი დიპლომატების ნაწილი კი ღიად საუბრობს იმაზე, რომ ოფიციალური პოდგორიცა საკუთარი დემოკრატიის „აუტსორსინგს“ ბრიუსელში ახდენს, რადგან 2028 წლისთვის გაწევრიანების ამბიციური მიზნის მისაღწევად “სხვა გზა მას უბრალოდ არ გააჩნია”.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირში დაანონსებული გეგმის დადებითი მხარე ისაა, რომ ევროკავშირი უფრო ერთიანი და დაცული იქნება შიდა საბოტაჟისგან, რაც ბლოკის ქმედუნარიანობას გაზრდის. თუმცა, მეორე მხრივ, გაწევრიანების პირობების დამძიმებამ შესაძლოა შეასუსტოს ახალი წევრების მოტივაცია და შექმნას „მეორეხარისხოვანი წევრობის“ განცდა. მონტენეგროში მიიჩნევენ, რომ მსგავსი რეგულაციები შესაძლოა ორ მხარეს შორის ურთიერთობაში წითელი ხაზი აღმოჩნდეს, რადგან გაერთიანების სრულფასოვან და სრულუფლებიან წევრად ყოფნა სურს და არ არის დაინტერესებული მხოლოდ ბრიუსელის მითითებების შესრულებით.















