უნგრეთის ციხის სამსახურის გენერალური დირექტორი ანდრას ჩშოტი N5 და N16 პენიტენციურ დაწესებულებებს ეწვია

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის მოწვევით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უნგრეთის ციხის სამსახურის გენერალური დირექტორი ანდრას ჩშოტი დელეგაციასთან ერთად N5 და N16 პენიტენციურ დაწესებულებს ეწვია.
სტუმრები დაწესებულებებში ვიზიტისას მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით გადანაწილების კლასიფიკაციას, ასევე, N5 და N16 პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედ სხვადასხვა სარეაბილიტაციო და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ და ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

დელეგაციის წევრებმა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოქმედი მცირე სამკერვალო საწარმო, ხანგრძლივი პაემნებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა, ბიბლიოთეკა, სილამაზის სალონი, სპორტული დარბაზი და სასადილო მოინახულეს, ხოლო N16 პენიტენციურ დაწესებულებაში ხეზე კვეთისა და კულინარიის კურსებს გაეცნენ, რომელსაც ცნობილი მზარეულები უძღვებიან.

„ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები სხვადასხვა დაწესებულებებში იმყოფებოდნენ. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე გასცნობოდნენ N16 დაბალი რისკის და N5 ქალთა დაწესებულებების ინფრასტრუქტურას და იქ არსებულ მდგომარეობას. ასევე, ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე და დარწმუნებული ვარ, პენიტენციურ სფეროში თანამშრომლობას კიდევ უფრო გავაღრმავებთ,“ – განაცხადა პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად მიხანაშვილმა.

უნგრელ კოლეგებს დაწესებულებების ფუნქციონირებისა და თანამედროვე მართვის მეთოდების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. ანდრას ჩშოტი დეტალურად გაეცნო საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს. დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ მსჯავრდებულთა დასაქმების პროგრამით, რაც მათი რეაბილიტაციისათვის უმთავრესია.

ანდრას ჩშოტის განცხადებით, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს გამოცდილების გაზიარება.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფებით და საშუალება გვაქვს, ვნახოთ ის თანამედროვე და ინოვაციური მიდგომები, რომლებიც თქვენს პენიტენციურ დაწესებულებებშია დანერგილი. ჩვენი სისტემა მსჯავრდებულთა განათლებაზეა ორიენტირებული და იგივეს ვხედავ საქართველოშიც, აქ არსებული საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამები მსჯავრდებულთა ინტერესებსა და საჭიროებებზეა მორგებული. აღფრთოვანებული ვარ ინფრასტრუქტურით, განსაკუთრებით მომეწონა ხანგრძლივი პაემნებისათვის განკუთვნილი ოთახები და სპორტული დარბაზი, “ – განაცხადა ანდრას ჩშოტიმ.

უნგრეთის ციხის სამსახურის გენერალური დირექტორი დელეგაციასთან ერთად საქართველოში ოთხდღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ანდრას ჩშოტი უკვე შეხვდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს კახა კახიშვილს.

banner
წინა სტატიაშიდავით კეზერაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა, მოსამართლემ ძალაში დატოვა
შემდეგი სტატია“ახალგაზრდა ნაციონალისტების” სასამართლო პროცესი – წინასწარი ინფორმაციით, ბრალდება პატიმრობას ითხოვს