უნგრეთი თანახმაა, რომ ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ოფიციალური წერილი გაუგზავნოს, რითაც ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების მე-6 კლასტერის გახსნის პროცედურა დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ მედია დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედია აღნიშნავს, ეს ნაბიჯი ბუდაპეშტის პოზიციის ნაწილობრივ შერბილებას ნიშნავს, თუმცა პრობლემას საბოლოოდ არ აგვარებს, რადგან უნგრეთი კვლავ ბლოკავს დანარჩენი ოთხი კლასტერის პროცედურების დაწყებას. ამასთან, ბრიუსელშიც არ არსებობს ერთიანი პოზიცია სხვა კლასტერების ერთდროულ გახსნასთან დაკავშირებით.
მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, სავაჭრო პოლიტიკა და ურთიერთობები მესამე ქვეყნებთან.
წერილის გაგზავნა მოლაპარაკებების ოფიციალურ დაწყებას არ ნიშნავს — ეს მხოლოდ პროცედურული პირველი ნაბიჯია. ახლა უკრაინამ და მოლდოვამ საკუთარი პოზიციები უნდა წარადგინონ, რის შემდეგაც ევროკომისია მოამზადებს შესაბამის პროექტებს. ამ პროექტებს ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის ერთსულოვანი მხარდაჭერა დასჭირდება.
თუ პროცედურის შემდგომი ეტაპები გეგმის მიხედვით წარიმართება, მე-6 კლასტერის ოფიციალური გახსნა მიმდინარე წლის 14 ივლისის სხდომაზე იგეგმება.
















