17.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ოქტომბერი 15, 2026
banner

უნგრეთი აშშ-ს რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციებისგან გამონაკლისის დაშვებას სთხოვს -“ბლუმბერგი”

უნგრეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს ლობირებს, რათა რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვის გაგრძელების გამო ამერიკული სანქციებისგან დროებითი გამონაკლისი მიიღოს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

უნგრეთის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მან ამერიკელ კანონმდებლებს ოფიციალურად მიმართა თხოვნით, რომ გარდამავალ პერიოდში უნგრეთი რუსული ენერგორესურსების შესყიდვებთან დაკავშირებული შეზღუდვებისგან გათავისუფლდეს.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის ხელისუფლება რუსულ ენერგორესურსებზე ქვეყნის დამოკიდებულების შემცირებასა და ნავთობის იმპორტის დივერსიფიცირებას გეგმავს. თუმცა, ამ ეტაპზე უნგრეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა კვლავ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსეთზე.

უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნისთვის მოქმედი სანქციებისგან გამონაკლისი 21 ნოემბერს იწურება. ამასთან, გამონაკლისის ვადის ამოწურვა ავტომატურად არ ნიშნავს უნგრეთისთვის სანქციებთან დაკავშირებული ზომების დაწესებას – ამისთვის აშშ-ის მხრიდან ცალკე გადაწყვეტილება იქნება საჭირო.

ამასთან, უნგრეთი რუსეთიდან ნავთობის იმპორტის შემცირების მიზნით ალტერნატიული გზების მოძიებასაც აგრძელებს და ერთ-ერთ ვარიანტად ხორვატიის გავლით ნავთობის მიწოდებას განიხილავს. საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც აშშ-ის კონგრესმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსული ნავთობპროდუქტების მყიდველი ქვეყნებისთვის დამატებითი ტარიფების დაწესების უფლებამოსილება მისცა. ტრამპმა აღნიშნულ კანონმდებლობას 18 სექტემბერს ხელი მოაწერა, რის შემდეგაც ის კანონად იქცა.

banner
წინა სტატიაში“ყველაფერი საბოლოოდ გაირკვა: ნამახვანის საქმეზე 443 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს ქვეყანას”- რომან გოცირიძე
შემდეგი სტატიაირლანდიიდან საქართველოს 43 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა