UNDP საქართველოსთან თანამშრომლობით და თანაორგანიზატორობით, საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში მედია ტური მოაწყო

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, ევროკავშირის პროექტის „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის – UNDP საქართველოსთან თანამშრომლობით და თანაორგანიზატორობით, საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში მედია ტური მოაწყო. 26-29 აპრილს, ოთხდღიანი ტურის ფარგლებში, ჟურნალისტები გაეცნენ სენაკის, ზუგდიდის, ფოთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში 2018-2020 წლებში განხორციელებულ წარმატების მაგალითებს.

მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ადგილზე დაათვალიერეს პროექტების ფარგლებში გაწეული სამუშაოები, მიიღეს ინფორმაცია პროექტების შედეგების და მუნიციპალიტეტების მოსახლეობაზე მათი გავლენის შესახებ. მედია ტური სენაკის მუნიციპალიტეტში პროექტის – „სენაკის ეკონომიკური განვითარება ტურიზმის ხელშეწყობის გზით“ – გაცნობით დაიწყო. პროექტის ირგვლივ მუნიციპალიტეტის მერიაში გამართული პრეზენტაციის შემდეგ, ჟურნალისტებმა ნოქალაქევის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ ბეთლემში, პროექტის ფარგლებში გახსნილი, სათავგადასავლო, დასასვენებელი და შემეცნებით-გასართობი პარკი პროექტის ინიციატორთა თანხლებით დაათვალიერეს.

ზუგდიდში სტუმრებს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავამ, მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურისა და საინვესტიციო პროექტების და დონორებთან ურთიერთობის განყოფილების წარმომადგენლებთან ერთად უმასპინძლა და პროექტები – „ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“ და ,,ეთნოცენტრი ტრადიციული რეწვის განვითარებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში” – წარუდგინა. იმავე დღეს ჟურნალისტებმა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში გადაინაცვლეს, სადაც გასულ წელს, პანდემიის მიუხედავად, წარმატებით განხორციელებულ პროექტებს – „ახალგაზრდობის იდეა ფოთს“და „სამოყვარულო თევზჭერის განვითარება – მარტოწყალას ტბის ტერიტორიის კეთილმოწყობა“ – გაეცნენ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შეხვედრა პროექტების – „იყავი თანამმართველი“ და „ოზურგეთის საკრებულოში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესება სხდომების პირდაპირ ეთერში ტრანსლირებით“ – პრეზენტაციას დაეთმო. საუბარი შეეხო ინიციატივების გრძელვადიან შედეგებსა და საზოგადოებრივ გამოხმაურებას. ინფორმაცია აღნიშნული ინიციატივების შესახებ, მედიის წარმომადგენლებს ოზურგეთის საკრებულოს აპარატის უფროსმა ნანა თავდუმაძემ და მერის მრჩეველმა ალეკო ბერიძემ გაუზიარეს. პროექტების მნიშვნელობაზე მედიის წარმომადგნელებს საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია ესაუბრა.

პრეზენტაციების შემდეგ, მასპინძლებმა ტურის მონაწილეებს წარუდგინეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში UNDP საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები – „ჩაის გზა“, „საინფორმაციო ცენტრი ბორბლებზე“ და დაბა გომის მთის განაშენიანების გენერალური გეგმა. გურიაში სტუმრობა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე, UNDP-ს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის – „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება, ბახმაროს ტურისტული პოტენციალის გამოყენების გზით“ გაცნობით დასრულდა. ღონისძიების დასკვნითი დღე ცაგერის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ კარგ პრაქტიკებს დაეთმო. მედიის წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტის მერმა – ავთანდილ უგრეხელიძემ უმასპინძლა.

სტუმრებს ცაგერის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის 2018-2022 წლის გეგმა გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული სხვა წარმატებული პროექტები გააცნეს. ტურის მიზანს მედიის წარმომადგენლებისთვის საქართველოს მუნიციპალიტეტების მიერ 2018-2021 წლებში განხორციელებული იმ პროექტების და ინიციატივებისადმი ცნობადობის გაზრდა წარმოადგენდა, რომლებიც ქვეყნის მაშტაბით საუკეთესო პრაქტიკად იქნა აღიარებული.

ავტორი: შორენა მირცხულავა

 

banner
წინა სტატიაშილაგოდეხში ძლიერმა სეტყვმა და წვიმამ ნარგავები გაანადგურა
შემდეგი სტატიანატომ ავღანეთიდან ჯარის გამოყვანა დაიწყო