,უნდა ვაღიაროთ, ჩვენი საგარეო ფრთა მოისუსტებს”

ნუკრი ქანთარია, მის მიმართ არსებულ ბრალდებებს პასუხობს

უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი საგარეო ფრთა მოისუსტებს და ზუსტ რეაგირებას – დროულად ინფორმაციის მიწოდებას ვერ ახდენს, – ამის შესახებ დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმ შეფასებების საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი2”-თან დაკავშირებით უცხოელი პარტნიორების მხრიდან გაკეთდა.
ქანთარიას თქმით, “არა თუ აშშ-ს ელჩს, უმრავლესობის წარმომადგენლებსაც კი ეგონა, რომ მოსამართლემ განჩინება ღამით, სიბნელეში, კბილების კრაჭუნით, ფარნის შუქზე მიიღო”.
“ინფორმირება ამ ყველაფერში ძალიან დიდი როლს თამაშობს და ვფიქრობ, საჭიროა რაღაცების საფუძვლიანად შეცვლა. აქ პასუხისმგებლობა მინდა “თავისუფალმა დემოკრატებმაც” აიღონ – კოალიციაში ყოფნისას მათზე იყო საგარეო ფრთა, როგორც დიპლომატთა პარტიაზე”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
უმრავლესობის წარმომადგენელი “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრებსაც გამოეხმაურა.
“რუსთავი 2”-თან დაკავშირებით მოსამართლის ბოლო გადაწყვეტილებამ, რომელმაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, გადაფარა ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღები ფრაზები: – “საქართველოში სისხლი დაიღვრება”, “ბოევიკები უნდა დადგნენ”, “ვიღაცეებს ცხვირები უნდა დაეჩეჩქვოთ” და სხვა მსგავსი ძალადობრივი ფარაზები რევოლუციური სცენარის განვითარების თაობაზე. ქინძზე და ოხრახუშზე აღარაფერს ვამბობ, ეს მათი ნებაა. უმცირესობის არც ერთ წევრს ამაზე საკუთარი პოზიცია არ გამოუთქვამს, რაც პირდაპირი მინიშნებაა, რომ სისხლიან სცენარს არ ემიჯნებიან და ნებით თუ უნებლიედ ამ ყველაფრის თანამონაწილენი არიან. ასეთ შემთხვევაში ძალიან ძნელია მათთან ვინმე პოლემიკაში ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე შევიდეს”, – განაცხადა ქანთარიამ.
მან აღნიშნა ისიც, რომ “ნაციონალური მოძრაობა” პროტესტს არც იმასთან დაკავშირებით გამოთქვამს, რომ მათი ლიდერი ქვეყნის უცხოელ პარტნიორებს საკმაოდ უდიერად – იდიოტებად მოიხსენიებს.

banner
წინა სტატიაში,,ჩვენ გუშინ შევხვდით საიას-ხელმძღვანელს, ანა ნაცვლიშვილს და ვთხოვეთ ამ პროცესში შუამდგომლობა”
შემდეგი სტატია“ეს უნდა გახდეს აუცილებლად გამოძიების საგანი”, – ნიკა გვარამია დროებითი მმართველების მინდობილობაზე