უნდა უზრუნველყონ ჯეროვანი სამედიცინო სერვისით და უსაფრთხოებით – ომბუდსმენის მოადგილე მიხეილ სააკაშვილზე

შიმშილობის 23 დღე – საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესაფასებლად რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ექიმების კიდევ ერთი კონსილიუმი იკრიბება.

სხვადასხვა სპეციალიზაციის ექიმები დაწესებულებაში რამდენიმე წუთში შევლენ. ისინი მიხეილ სააკაშვილის ანალიზის პასუხებს გაეცნობიან და გადაწყვეტენ როდის მოხდება მესამე პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაცია.

ჰოსპიტალიზაციის საჭიროების შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ ერთს – გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ სამედიცინო ცენტრს სთავაზობს, რაც მესამე პრეზიდენტისთვის და მისი ადვოკატებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველის მოადგილემაც. გიორგი ბურჯანაძემ ამბობს, რომ აუცილებელია, გადაწყვეტილება პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მიიღონ.

“სამედიცინო ზედამხედველობისთვის აუცილებელია, ციხის ადმინისტრაციამ უზრუნველყოს პატიმარი ჯეროვანი სამედიცინო სერვისით და ამავდროულად მოხდეს პირის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული პაციენტის საუკეთესო ინტერესებისა და პირის უსაფრთხოების გათვალისწინებით”, – ამბობს გიორგი ბურჯანაძე.

მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს “არ ესმის”, რატომ შიმშილობს მიხეილ სააკაშვილი. პარალელურად, “ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სააკაშვილის მხარდამჭერებს და პარლამენტარებს, რომლებმაც მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება მოითხოვეს, ლობისტები უწოდა.

“ცალკეულ ეტაპზე, სამწუხაროდ, მათი ჩარევა აღმოჩნდა წარმატებული, კერძოდ მოხდა მართლმსაჯულების პოლიტიზება. ერთ შემთხვევაში პრეზიდენტმა შეიწყალა, სხვა შემთხვევაში ამნისტიით მოხდა გამოშვება და ა.შ., ანუ მათ ჰქონდათ წარმატებული მაგალითები ამ ქვეყანაში, თუმცა ამას ერთხელ და სამუდამოდ დაესვა წერტილი, მათ აღარ მივცემთ, კონკრეტულ ლობისტებს საქართველოში მართლმსაჯულების პოლიტიზების. ლობისტებს აქვთ თავიანთი საქმე, ისინი ამაში იღებენ ფულს და ვერ გავამტყუნებთ, ფული აქვთ აღებული და ლობირება უნდა გაუწიონ მიხეილ სააკაშვილს და სხვა კრიმინალებს, მაგრამ რაც შეეხება მართლმსაჯულების პოლიტიზებას ამას წერტილი დაესვა”, – თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს ექიმების დახმარება გუშინ უკვე დასჭირდა. სისხლის ანალიზში ერთ-ერთი მაჩვენებლის გაუარესების გამო, დაწესებულების ტერიტორიაზე მას გადასხმა გაუკეთეს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – როგორ წარმოგიდგენიათ, მერი რომ იყოს ოპოზიციური კანდიდატი; ეს რომ მოხდეს, მათი მხრიდან იქნება მუდმივი საბოტაჟი, ქაოსი, არეულობა, პანიკა და გადაბრალება ცენტრალურ მთავრობაზე
შემდეგი სტატიარუსთავში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის ბანერები დახიეს