“უნდა იყოს რწმენა, რომ დანაშაულთან ბრძოლა არავითარ შემთხვევაში არ მოხდება ადამიანის უფლებების შელახვის ხარჯზე”

შინაგან საქმეთა სამინისტრო და ჩვენი პოლიციელები ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანაში დანაშაული მაქსიმალურად შემცირდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პოლიციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

”მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სამინისტრო, ჩვენი პოლიციელები ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანაში მაქსიმალურად შემცირდეს დანაშაული. ჩვენ დაუნდობელი ბრძოლა გამოვუცხადეთ ორგანიზებულ დანაშაულს და ვახორციელებთ ღონისძიებებს დანაშაულის პრევენციისათვის. ვისურვებ, რომ ჩვენი ყოველი დღე კიდევ უფრო წინგადადგმული ნაბიჯი იყოს, რომ მივუახლოვდეთ პოლიციის იმ სტანდარტს, რომელსაც ევროპული სტანდარტი ჰქვია. ეს არ გულისხმობს მხოლოდ პოლიციის პროფესიონალიზმს, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების, თითოეული მოქალაქის დამოკიდებულება, ნდობისა და პატივისცემის გაზრდა, მაქსიმალური დაცულობის შეგრძნების გაჩენა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფო, ჩვენი სამართალდამცველები უზრუნველყოფენ წესრიგს ქვეყანაში, რომ დამნაშავე აუცილებლად დაისჯება, კანონდარღვევა არ დარჩება რეაგირების გარეშე და ვერავინ ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას.

”უნდა იყოს რწმენა, რომ დანაშაულთან ბრძოლა არავითარ შემთხვევაში არ მოხდება ადამიანის უფლებების შელახვის ხარჯზე. ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოს ცხოვრების წესი, რომელიც ჩვენი საზოგადოების ცხოვრების წესად უნდა ვაქციოთ. ამ კონტექსტში არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო საერთაშორისო თანამეგობრობას, მეგობრებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს, რომლებიც გვეხმარებიან ქართული პოლიციის სრულყოფაში და აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს სამართალდაცვის სფეროს რეფორმირებაში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობაც გადაუხადა.

”მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელმაც წარმატებით გაართვა თავი დიდ სამუშაოს – ეს არის ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოდანაშაულთან, საზღვრის ინტეგრირებული მართვა, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა, რამაც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის სრულად განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა. ძვირფასო პოლიციელებო,

კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს. მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, ყოველთვის ვიქნები თქვენი ინტერესების დამცველი. ყველას გისურვებთ მშვიდობას, წინსვლასა და წარმატებებს თქვენს ურთულეს საქმეში. გისურვებთ ღირსეულად გეტარებინოთ ქართველი პოლიციელის საპატიო სახელი და გაგემართლებინოთ ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოს ნდობა”, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიმყინვარწვერზე რუსეთის მოქალაქე დაიღუპა
შემდეგი სტატიაირაკლი შოთაძე: პროკურატურა, კორცხელის ინციდენტზე ბრალდებულთათვის, გირაოს შეფარდებას მოითხოვს