,,უნდა გავაგრძელოთ პანკისის ხეობასა და ერთმანეთზე ზრუნვა, რადგან ეს საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესია”

აბსოლუტურად დაუშვებელია დაძაბულობა და დაძაბულობის ესკალაცია, ჩვენ მშვიდად, გონიერებით, საქმიანად, არგუმენტირებულად უნდა ვიმსჯელოთ ყველა საკითხზე, – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა პანკისის ხეობაში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას პანკისის ხეობის ძალიან კომპლექსური განვითარების გეგმა აქვს, რომელიც შეეხება სოციალურ-ეკონომიკური, ტურიზმისა და კულტურის საკითხებს.

„ძალიან მინდა, დავუბრუნდეთ იმ სულისკვეთებას, იმ ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას, რაც წლების განმავლობაში პანკისის ხეობაში მცხოვრებ მოსახლეობასთან გვაქვს. გვაქვს პანკისის ხეობის ძალიან კომპლექსური განვითარების გეგმა. საუბარია სოციალურ-ეკონომიკურ, ტურიზმზე, კულტურაზე. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქისტები ჩვენი ქვეყნის გამორჩეული მოქალაქეები არიან. აქ ძალიან ბევრი ადამიანია სამაგალითო სახელმწიფოებრივი აზროვნებით და ეს წლების განმავლობაში ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში ვნახეთ. ყველამ მაქსიმალური გონიერებით, იმ მზაობით, რომელიც ხელისუფლებამ არაერთხელ დაადასტურა ამ დღეებში, დიალოგისა და საქმიანი, არგუმენტირებული დისკუსიის გზით უნდა გადავწყვიტოთ საკითხები. აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ხეობასა და ერთმანეთზე ზრუნვა, რადგან ეს საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესია“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

პანკისის ხეობაში, სადაც ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება 21 აპრილს ორჯერ მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

ადგილზე ჩავიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, რომლებიც აქციის მონაწილეებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჰესი აშენდება მაშინ, როცა მშენებლობას მოსახლეობის 90 პროცენტი დაუჭერს მხარს. ამასთან, მისივე განცხადებით, ყველა ის ადამიანი, რომელმაც პანკისის ხეობაში ფიზიკურად იძალადა შსს-ს თანამშრომლებზე, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.

პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას სამედიცინო დახმარება 40-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა, მათ შორის უმრავლესობა სამართალდამცველი იყო. ამასთან, სოფელ ბირკიანში პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. აღნიშნულმა კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.

banner
წინა სტატიაშიარ ვიცოდით, რომ არ გვქონდა უფლება – ფონდი, რომელმაც იუსტიციის საბჭოში გასამწესებლად ხარებავა კანონდარღვევით წარადგინა, განმარტებებს აკეთებს
შემდეგი სტატია,,იუსტიციის საბჭოს ამ წევრების არჩევა იყო ერთ-ერთი ძალიან დიდი კონფლიქტის თემა შიგნით”