უნდა დამთავრდეს ეს მასკარადი, როცა პრემიერები გაუგებარი მიზეზებით მიდიან – მარგველაშვილი

პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადებით, პასუხისმგებელმა პოლიტიკოსებმა საკუთარ თავზე უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და ქვეყნის პრემიერ მინისტრად მმართველი პარტიის თავმჯდომარე უნდა დაასახელონ, როგორც ეს ევროპაში ხდება. მისივე თქმით, კვირიკაშვილი ყველაზე კომფორტული თანამდებობის პირი იყო:
“საზოგადოებისთვის გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, რატომ წავიდა ბატონი კვირიკაშვილი თანამდებობიდან. იმიტომ, რომ იმ პროცესში, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით და რომელშიც ბატონი კვირიკაშვილის გუნდი სწორედ ეკონომიკურ მიმართულებას ავითარებდა მე ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში ეკონომიკა და მოქალაქეების ასე ვთქვათ კეთილდღეობა უმაღლეს დონეზეა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ წარუმატებელი იყო ბატონი კვირიკაშვილის საქმიანობა. ეკონომიკურ პრობლემებზე დაახლოებით ერთი თვის წინ პარლამენტში ვისაუბრე მე, მაგრამ მაშინ სრული მიუღებლობა იყო იმ ჭეშმარიტების, რომ დასაქმების მიმართულებით სირთულეები არსებობს და ა.შ. უცებ იუნისეფის კვლევამ გასაგები გახადა ეს საქართველოს მთავრობისთვის, რომ ეკონომიკის მიმართულებით არსებობს პრობლემები. მინდა ვთქვა, რომ ბატონი კვირიკაშვილის გუნდის მიერ გაკეთებული, ორი წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები ერთმნიშვნელოვნად ვერ შეიძლება შეფასდეს როგორც წარუმატებელი და უარყოფითი. ამავე ფონზე, სრულიად გაუგებარია რა როდესაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე არ ხდება კომენტირება იმ მთავარ პრობლემაზე, რაზეც საზოგადოება აქტიურად აპროტესტებს ქვეყნის პოლიტიკას, რომელიც ეხება სწორედ მართლმსაჯულების საკითხებს. საზოგადოება დაახლოებით ერთი თვეა ძალიან აქტიურად აფიქსირებს თავსი პოზიციას სამართლიანობასთან, მართლმსაჯულებასთან მიმართებაში და ჩვენ გვეძლევა ახალი ვერსია, რომ თურმე იუნისეფის კვლევიდან გამომდინარე კვირიკაშვილს ვერ აუგია ეკონომიკური პოლიტიკა და ამის გამო მიდის პრემიერ მინისტრი, რომელიც შეიძლება სწორედ ამ მიმართულებით დახასიათდეს როგორც კრიტიკული ნაბიჯების გადამდგმელი, მიდის თანამდებობიდან. ყოველივე ეს და მათ შორის კვირიკაშვილის გუშინდელი გადადგომის მოხსენება სწორედაც რომ ჩვენი ევროპული და საზოგადოებისთვის გასაგები პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს. გუშინ ბატონი პრემიერი წავიდა თანამდებობიდან და მან თქვა, რომ პარტიის თავმჯდომარეს ანუ ბიძინა ივანიშვილის უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ დააკომპლექტოს ახალი მთავრობა. მე მიმაჩნია, რომ ეს პროცესები ბევრად უფრო გასაგები, განჭვრეტადი და გააზრებული უნდა იყოს საზოგადოების მიერ. მიმაჩნია, რომ საზოგადოებისთვის გასაგები უნდა იყოს ვინ, რატომ, უცებ თანამდებობიდან მიდიან პრემიერ მინისტრები, რომლებიც არიან წარმატებული პრემიერ მინისტრები ისევე როგორც წინა პრემიერის ბატონი ღარიბაშვილის წასვლის დროს ჩვენ მოვისმინეთ, რომ წარმატებული პრემიერი მინისტრია. რატომ მიდიან თანამდებობიდან პრემიერ მინისტრები, რა არის ამის უკან მდგარი არგუმენტი და რა პრინციპით და არგუმენტით შეირჩევიან ახალი პრემიერ მინისტრები, და მე მიმაჩნია, რომ ეს რაღაცნაირი მასკარადის პერიოდი, როდესაც უცებ ირჩევიან პრემიერ მინისტრები და რა პრინციპით ირჩევიან საზოგადოებისთვის, მათ შორის ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის გაუგებარია, ეს უნდა დამთავრდეს და თუ ევროპული სახელმწიფოს ფორმირებაზე ვამბობთ, იქ პრემიერ მინისტრები არიან მმართველი პარტიის ლიდერები და შესაბამისად ბიძინა ივანიშვილი როგორც მმართველი პარტიის ლიდერი უნდა გახდეს პრემიერ მინისტრი. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ პასუხისმგბელიან პოლიტიკაზე და ვლაპარაკობთ ისეთი სახელმწიფო პროცესის ფორმირებაზე, რომელიც საზოგადოებისთვის გასაგებია. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთი პრემიერ მინისტრის დანიშვნაზე და არჩევაზე, რომლის მიმართაც არ გაჩნდება კითხვები რატომ წავიდა თანამდებობიდან და რომელიც პასუხისმგებელია თავის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე და რომელსაც ძალაუფლება და შესაძლებლობა ამ გადაწყვეტილებების ცხოვრებაში გატარების. ეს არის ის რეალობა რომლის წინაშეც ვდგავართ და ასე ფორმირდება ევროპული პოლიტიკური კულტურა…
ვფიქრობ, რომ ამ რაღაცნაირი პროცესის დასასრული უნდა იყოს როდესაც ჩვენ არ ვიცით ვინ, რა პრინციპით ხსნის პრემიერ მინისტრებს , რა პრინციპით არჩევს პრემიერ მინისტრებს და მე მოვუწოდებ საქართველოში პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალებს აიღონ საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა, მათ შორის მმართველ პარტიას ყველაზე მეტად და დაასახელონ პრემიერ მინისტრად ის ადამიანი, რომელიც არის პარტიის ლიდერი, რომელთანაც სხვათა შორის მე მიმუშავია როგორც პრემიერი მინისტრთან და შემიძლია ვთქვა, რომ ის კარგი პრემიერ მინისტრი იყო ჩემი გამოცდილებით” განაცხადა პრეზიდენტმა

banner
წინა სტატიაშიბიზნესმენებმა მინისტრობის სავარძლების დასაკავებლად ვაჭრობა დაიწყეს
შემდეგი სტატია“მოვუწოდებ პრეზიდენტს სიმშვიდისკენ” – კობახიძე