უნდა დადგეს თუ არა თსუ-ს რექტორის საკითხი, ეს აკადემიურმა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს

განათლების მინისტრ თამარ სანიკიძის განცხადებით, თსუ-ს აკადემიური საბჭოს გადასაწყვეტია რექტორის იმპიჩმენტის საკითხი. ამის შესახებ განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

“უნდა დადგეს თუ არა თსუ-ს რექტორის საკითხი, ეს უნდა გადაწყვიტოს საბჭომ და ძალიან კარგია, რომ საბჭომ ეს პასუხისმგებლობა აიღო. აკადემიური საბჭო არის მმართველი ორგანო, რომელსაც აქვს ეს ვალდებულება, რომ რექტორის ნებისმიერი კანონდარღვევა და გადაცდენა განიხილოს საბჭოს ფარგლებში და ეს არ უნდა იყოს სტუდენტების, ახალგაზრდების გასარჩევი საკითხი, უფრო მეტი დაპირისპირების საგანი. კარგია, თუ საბჭომ ეს პასუხისმგებლობა აიღო თავისთავზე და ამ საკითხს განიხილავს. არ დაგვავიწყდეს რა ცუდი მდგომარეობა გვქონდა უნივერსიტეტში”, – განაცხადა მინისტრმა.

თამარ სანიკიძის თქმით, ბოლო დღეებში სტუდენტების მიერ გამოთქმული საკითხები დღის წესრიგში უნდა დადგეს და პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს. საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ თუ თსუ-ს აკადემიუერი საბჭო საჭიროდ ჩათვლის რაიმე მოკვლევა სტუდენტების მიერ გამოთქმულ საკითხებთან დაკავშირებით სამინისტრომ განახორციელოს, განათლების სამინისტრო უკან არ დაიხევს.

“მიუღებელია თუ როგორ განვითარდა მოვლენები უნივერსიტეტში, ამიტომ ყველაფერი სამართლებრივ ჭრილში უნდა გადავიდეს, აკადემიური საბჭოს განხილვის რეჟიმში და ძალიან დიდი იმედი გვაქვს და ჩვენი მხრიდანაც არის მოლოდინი, რომ საბჭო მიიღებს რაციონალურ გადაწყვეტილებას. ყოველ შემთხვევისათვის, რაც საბჭომ უნდა უზრუნველყოს არის ის, რომ არც ერთი საკითხი არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი და მოკვლევის გარეშე”, – აღნიშნა თამარ სანიკიძემ.

banner
წინა სტატიაშილუკა კურტანიძე უვადო პატიმრებთან დაკავშირებით – პატრიარქის წინადადება ძალიან ჰუმანურია
შემდეგი სტატია“კანონი, რომელიც მოსმენებს ითვალისწინებს, უნდა შეიცვალოს”