“უნდა ჩამოვიდნენ, ნახონ და კოხორასი არ იყოს, თქვან: “ჩვენ ვყოფილვართ არასწორებიო”, – ასე პასუხობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ქიმიური იარაღის გამოყენებაზე გამოძიებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, არ არსებობს შეკითხვა, რომელზეც “ქართული ოცნების” ხელისუფლებას პასუხი არ აქვს.
“არაკვალიფიციური პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით კარგად ჩანს, რომ დიალოგს და საუბარს, მუქარას და შანტაჟს ამჯობინებენ. ჩვენ, არავისთან დასამალი არაფერი გვაქვს. არ არსებობს კითხვა, რომელზეც პასუხი არ გვაქვს და არ არსებობს საკითხი, რომელზეც არ შეგვიძლია საუბარი. საძაგელი სიყალბე, რომელიც BBC-იმ გამოაქვეყნა საქართველოსთან დაკავშირებით, რომ თითქოს პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი გამოიყენა საქართველოს ხელისუფლებამ. აღმოჩნდა, რომ ეს ნივთიერება საქართველოს ტერიტორიაზე ისტორიულად არ ყოფილა. ბრიტანეთში მოიკითხონ ქიმიური იარაღის შექმნაც და გამოყენებაც. ამ სიყალბის შემდეგ და ჩატარებული გამოძიების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ „აგერ არის გამოძიების მასალები და მზად ვართ, რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუციებს მივცეთ შესაძლებლობა, მასალებს გაეცნონო“, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებისთვის არავის მოუმართავს, რატომ? – იმიტომ, რომ უნდა ჩამოვიდნენ, ნახონ და შემდეგ კოხორასი არ იყოს, უნდა თქვან – „ჩვენ ვყოფილვართ არასწორებიო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.















