უმთავრეს საკითხად მიმაჩნია ამომრჩეველთა მხრიდან დასმული პრობლემების მოგვარებისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმა – მოწერელია

“ჩემი, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრის და დეპუტატის საქმიანობაში უმთავრეს საკითხად მიმაჩნია ამომრჩეველთა მხრიდან დასმული პრობლემების მოგვარებისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმა. აქედან გამომდინარე მინდა ამ პოსტში ყურადღება გავამახვილო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისთვის საჭირო რამდენიმე საკითხზე.
მაგრამ, სანამ უშუალოდ პრობლემურ საკითხებზე დავიწყებ საუბარს, მინდა სიხარულით აღვნიშნო, რომ სახელმწიფო გეოგრაფიული აღნიშვნების რეესტრს – „მუხურის თაფლი“ დაემატა. მოხარული ვარ, რომ „მუხურის თაფლის“ გეოგრაფიულ აღნიშვნად რეგისტრაციასთან დაკავშირებით სამუშაოები, სწორედ ყოფილი პრემიერის- გიორგი გახარიას დავალებით დაიწყო, რაც შემდგომში პროდუქტის რეგისტრაციით დასრულდა. სწორედ ეს არის ის დიდი დასაწყისი, რაც შემდგომში ხელს შეუწყობს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მეფუტკრეობის განვითარებას და პროდუქტის ცნობადობის ზრდას.
ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ტურიზმი და მისგან მიღბული შემოსავლები. ჩხოროწყუს ტერიტორიაზე არსებული ტობავარჩხილის ტბა მწვერვალ „ცაშკიბულითა“ და მყინვარ – ჩანჩქერთა კასკადებით ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილია. ჩემი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად მუშაობის დროს, ყოფილი პრემიერ მინისტრის- გიორგი გახარიას მცდელობით და დიდი მონდომების შედეგად საფუძველი ჩაეყარა 10 კილომეტრიანი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას. ეს გზა ამჟამად მოქმედია და საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას და მოვლას იმ მიზეზების გამო, რომ უხვი ნალექის შედეგად მეწყერია მოსალოდნელი. უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი გახარიას მხრიდან პრობლემათა მიმართ სახელმწიფოებრივი მიდგომის შედეგად მუნიციპალიტეტში ხე-ტყე გადაურჩა უცხოელთა ულმობელ ჩეხვასა და განადგურებას.
ტურიზმის განვითარებისათვის აუცილებელია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დამთვალიერებლებისათვის ოპტიმალური პირობების შექმნა, ვგულისმობთ კეთილმოწყობილ ინფრასტრუქტურას. პირველ რიგში გამოვყოფდი ახუთის ისტორიულ ოდას, რომელიც 170-ზე მეტი ხნისაა და ძალიან საინტერესო ტურისტული ობიექტია. საჭიროა მასთან მისასვლელ გზაზე დაიგოს ასფალტის ფენა. სასურველია ამ შენობას მიეცეს პირვანდელი სახე, შეიცვალოს სახურავი კრამიტით. მუხურიდან თაიას ტერიტორიაზე ოცინდალეს მამათა მონასტრამდე არსებობს ისტორიული საფეხმავლო ბილიკი, რომელიც კეთილმოუწყობილია. საჭიროა ამ ბილიკის ისეთ კონდიციამდე მიყვანა, რომელიც მოხერხებული იქნება ტურისტებისათვის, რითაც ობიექტი უფრო მიმზიდველი გახდება.
მუნიციპალიტეტში ფიზიკური კულტურისა და სპორტის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და გაუმჯობესებისათვის აუცილებლად მიმაჩნია რაიონულ ცენტრში აშენდეს დახურული ტიპის სპორტული ნაგებობა, სადაც ახალგაზრდები დაკავდებიან სპორტის სხვადასხვა სახეობებით.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში რამოდენიმე წლის წინ სამშობიარო სახლს ლიცენზია შეუჩერდა, რადგანაც არსებული შენობა არ აკმაყოფილებს მისთვის წაყენებული სტანდარტების მოთხოვნებს. იქ დღეისათვის მხოლოდ პირველი დონის მომსახურეობაა ნებადართული, თუმცა სამშობიარო სახლის სამედიცინო პერსონალს შესაბამისი პაციენტისთვის მესამე დონის მომსახურების გაწევა შეუძლია. ამიტომაც საჭიროა დაიწყოს ახალი სამშობიარო სახლის მშენებლობა.
მუნიციპალიტეტში ასევე პრობლემებია შიდა საუბნო გზების მოწესრიგებისა და კეთილმოწყობის საქმეში. ზამთრისა და უამინდობის პირობებში მეტად გაძნელებულია სკოლებსა და ბაგა-ბაღებში მოსწავლეთა და სკოლამდელ აღსაზრდელთა ტრანსპორტირების საკითხი. სასურველია შესაძლებლობების ფარგლებში ამ გზებზე ასფალტის ფენის დაგება. აუცილებლად მიმაჩნია, რომ სოფლების ზუმის, კირცხის და ლეწურწუმეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტთან კეთილმოწყობილი გზით დაკავშირება.
სამეგრელოს გაზიფიკაციის მასშტაბური პროექტის დაწყება ჩემს გუბერნატორად მუშაობის დროს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ გაზის მილსადენი პირველად შემოვიდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. დაქსელვითი სამუშაოები რამდენიმე სოფელში აქტიურად მიმდინარეობს, მაგრამ სრულად რომ გადავწყვიტოთ რაიონში გაზიფიკაციის საკითხი საჭიროა გაგრძელდეს ახალ პროექტებზე მუშაობა.
მუნიციპალიტეტში წყალმომარაგება ნაწილობრივ მოგვარებულია. თუმცა უმეტეს სოფლებში ისევ გადაუჭრელ პრობლემად რჩება. წყლის რესურსი არსებობს, ამდენად სასურველია გაკეთდეს პროექტი და აღსრულების გზების მოძიებაზე ერთობლივად ვიზრუნოთ.
ქალაქის ცენტრში მწვავედ დგას კანალიზაციის საკითხი. საჭიროა არსებული არხების მოწესრიგება, ახალი არხების გაჭრა და ქალაქის მოსახლეობის ჩართვა ამ ქსელში. პროექტი არსებობს, თუმცა განხორციელება გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული. ვიმედოვნებ ერთობლივი მუშაობით შესაძლებელი იქნება ამ პრობლემის დროული მოგვარება.
ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში მზად ვარ, რომ ჩხოროწყუს მერთან, საკრებულოსთან, შესაბამისი სამინისტროების ხელმძღვანელებთან ერთად აქტიურად მივიღო მონაწილეობა ზემოაღნიშნული პრობლემების გადაწყვეტაში”, – წერს აბაშის, მარტვილის , წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი, ალექსანდრე მოწერელია.

banner
წინა სტატიაშიოკუპანტებმა სოფელ ლოპანის მიმდებარედ, საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
შემდეგი სტატიათურნავა ჯანდაცვის ახალ მინისტრზე – მივესალმები, რაც უფრი მეტი ეკონომისტი და ფინანსისტი იქნება წამყვან თანამდებობაზე