უმრავლესობის სხდომა “ქართულ ოცნებაში” – შეხვედრაზე ე.წ. ურჩი დეპუტატები არ მიიწვიეს

უმრავლესობის სხდომა ურჩი დეპუტატების გარეშე – ერთ საათში „ქართული ოცნების“ ოფისში მრავალჯერ გადადებული შეხვედრა გაიმართება. ე.წ ურჩი დეპუტატების, ვის გამოც პარტიაში განხეთქილება დაწყო კონსულტაციაზე არ მიიწვიეს.

დღევანდელი მოლაპარაკება დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის, გედევან ფოფხაძის გარეშე ჩაივლის.

“ქართული ოცნების” ოფისში პრემიერი, პარლამენტის სპიკერი, ფრაქციებისა და კომიტეტების თავმჯდომარეები მივლენ. სავარაუდოდ დღეს გაირკვევა, ვისი უპირატესობით დასრულდება კობახიძე-კვირიკაშვილის გუნდებს შორის დაწყებული საჯარო დაპირისპირება.

რაც შეეხება სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის დასწრებას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ შეხვედრას მხოლოდ პარლამენტის სპიკერატი, კომიტეტებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები დაესწრებიან.

“ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ქვეყნის ინტერესებზე მოვარგოთ ჩვენი ძირითადი მიმართულებები და არა მხოლოდ ლოკალური პრობლემების მოგვარებაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო პერიოდის განმავლობაში უმრავლესობაში. დღევანდელ შეხვედრას დაესწრებიან მხოლოდ პარლამენტის სპიკერატის წარმომადგენლები, კომიტეტის თავმჯდომარეები, ფრაქციის თავმჯდომარეები და პარტიის პოლიტიკური ხელმძღვანელობა. გარდა ამისა ნამდვილად არ მიმაჩნია სწორად, რომ რომელიმე მხარე შეიძლება იყოს აქ,“-აცხადებს მამუკა მდინარაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ე.წ. ურჩი დეპუტატები აცხადებენ, რომ შეხვედრას, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ გაიმართება, საპარლამენტო უმრავლესობა სრული შემადგენლობით უნდა დასწრებოდა.

ფოფხაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება მიუღებელია, რადგან მისი და მისი თანამოაზრეების საკითხზე პარტიის ხელმძღვანელებმა და კოლეგა პარლამენტარებმა მათ გარეშე არ უნდა იმსჯელონ.

„თუ ვინმეს პერსონალურ საკითხს ეხება, ეს ადამიანიც უნდა ესწრებოდეს წესით ასეთ განხილვებს, სწორი იქნება. შეიძლება პირადი უკმაყოფილების გრძნობაც გვქონდეს ერთმანეთთან მიმართებაში რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ თუ იქნება მცდელობა საერთო აზრის ხისტი ფორმირების, რა თქმა უნდა ამითი პოლიტიკური პროცესიც და გუნდიც დაზარალება,“-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მმართველ გუნდში არსებულ პრობლემებზე საუბრობს ნუკრი ქანთარია, მისი თქმით, არსებულ პრობლემებზე თვალის დახუჭვით პრობლემა არ მოგვარდება .

„თუ ვინმეს ჰგონია, რომ თვალი უნდა დავხუჭოთ და მერე სხვებიც დახუჭავენ თვალს და ამით პრობლემა გაქრება, ამით პრობლემა არ ქრება. აქ არის როგორც შიდა პარტიული, ასევე საპარლამენტო პრობლემები, ასევე საზოგადოებრივი და ეს ყველაფერი ამომრჩეველთან არის დაკავშირებული,“-აცხადებს ნუკრი ქანთარია.

banner
წინა სტატიაშიამაყი ვარ, რომ 2007 წელს ჩემი წვლილი შევიტანე იმაში, რომ ქვეყანა ხელში არ ჩავარდნოდა ერთ რუს ოლიგარქს – ერეკლე კოდუა მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყებას ეხმაურება
შემდეგი სტატიამკვლელობა ხორავას ქუჩაზე – საქმეში ბრიტანელი ექსპერტები ერთვებიან