უმრავლესობამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გუნდში იმსჯელა და საინტერესო მოსაზრებები გამოითქვა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, უმრავლესობამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გუნდში იმსჯელა და საინტერესო მოსაზრებები გამოითქვა.

თუმცა, ვოლსკი არ აკონკრეტებს, რა წინადადებები მოამზადა უმრავლესობამ.

ვოლსკის თქმით, საარჩევნო სისტემაზე შეხვედრის შემდეგ უფრო მეტი ექნებათ სალაპარაკო.

„გუშინ გვქონდა განხილვა უმრავლესობაში, წევრებისგანაც საინტერესო მოსაზრებები მოვისმინეთ. გავაცანით ძირითადად, რას ვფიქრობდით და ვფიქრობ, ამ შეხვედრის შემდეგ უფრო მეტი გვექნება სალაპარაკო. წინასწარ საუბრის ან წინადადებების მოწოდებისკენ მზად არ ვართ, რადგან ამან შეიძლება, მოლაპარაკების პროცესში გარკვეული კორექტირებები განიცადოს. მანდატი უმრავლესობიდან მიღებული გვაქვს გარკვეულ წინადადებებზე, ამას გიდასტურებთ“ ,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, ვოლსკი აცხადებს, რომ იმედი აქვს, მოლაპარაკებები შედეგიანი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში დიალოგში მონაწილეობას არც მიიღებდნენ.

„მოლოდინი და იმედი რომ არ გვქონდეს, დღეს აქ არც ვიქნებოდით, რადგან დღეს საუბრობენ კრიზისზე, რომელიც არ არსებობს პარტიათაშორის ურთიერთობაში და ყველა ცდილობს, როგორმე ეს კრიზისი გადაიტანოს საზოგადოებაში. ძალიან რთული ამოცანა კი დაისახეს ჩვენმა ოპონენტებმა,მაგრამ პარტიული კრიზისი რეალურად არ არის ის, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და ამიტომ შევეცდებით, ამას როგორმე თავი ავარიდოთ“ ,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით რიგით მეოთხე შეხვედრა მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმღვდელმონაზონი ანდრია (სარია): ნუ გვანგრევთ, მოგვეცით სიცოცხლის საშუალება…
შემდეგი სტატიააშშ-ის სენატმა საქართველოში ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი დანიშნა