უმრავლესობა და უმცირესობა სხვადასხვა სიხშირეზე ვლაპარაკობთ, უნარები გვაქვს ჩახშული, რომ ერთმანეთის გავიგოთ – თქვენი ვალია, სიხშირეები გავასწოროთ და ადამიანებს მაგალითი მისცეთ – უსუფაშვილი

„ლელო – საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილს მიმართავს, საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობისა და ოპოზიციის მოსმენის კულტურა დანერგოს.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, უმრავლესობა და უმცირესობა სხვადასხვა სიხშირეებზე ლაპარაკობს და ერთმანეთის მოსმენის უნარები ჩახშული აქვს.

„კიდევ ერთი საკითხი, რომელიც სერიოზული პრობლემაა და თავმჯდომარის ნომერი პირველი საქმეა. უმრავლესობა და უმცირესობა სხვადასხვა სიხშირეებზე ვლაპარაკობთ, უნარები გვაქვს ჩახშული, რომ ერთმანეთის რამე გავიგოთ. დაიწყო ლაპარაკი უმრავლესობის წევრმა? – მე ყურები ჩახშული მაქვს, არ მესმის! ეს თქვენ უნდა მოაგვაროთ პერსონალურად, ბატონო შალვა, ამიტომ სჭირდებით ამ პარლამენტს თავმჯდომარედ. როდესაც პარლამენტის სხდომა მიგყავთ, ბიუროს სხდომა მიგყავთ, თქვენი ვალია, რომ სიხშირეები გავასწოროთ და ადამიანებს მაგალითი მისცეთ. ცუდი ამბავია საკუთარი მაგალითების მოყვანა, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით – სიგარეტს აღარ ვეწევი 4 წელია, მანამდეც ორჯერ მქონდა სიგარეტისთვის თავი დანებებული, ბოლოჯერ როდის დავუბრუნდი სიგარეტს იცით? – ქუთაისის პარლამენტში რომ დავიწყეთ სიარული. მაშინ გენახათ თქვენ გამყოფი ხაზები უმრავლესობასა და ნაციონალურ ოპოზიციას შორის. მოსაწევ ადგილზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ეწეოდნენ, 50 მეტრის სიახლოვეს „ოცნების“ წევრი არ გაივლიდა, ტოქსიკური ტერიტორია იყო რაღაც. მეორე მხარესაც იგივე. ავიღე ხელში სიგარეტი და მოწევა დავიწყე, მივედი ამ „ნაციონალებთან“ და ხან ფეხბურთზე ვლაპარაკობდი, ხან ამინდზე. ვერ გეტყვით, რომ რამე დიდს მივაღწიეთ იქ, მაგრამ აუცილებელია ნაბიჯების გადადგმა ამისთვის. ძალიან გთხოვთ ეს გააკეთეთ. დანარჩენი გაცილებით მარტივად გამოვა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, სახალხო არტისტი, სახალხო მთქმელი, ვარსკვლავთბიჭუნა ზარქუა 24 რიცხვამდე მაინც, იქნებ მოაშოროთ ტელეეკრანებს – ხაბეიშვილი უმრავლესობას
შემდეგი სტატია…პასუხი არ მევალება. საზღვარგარეთ, შინაურ საქმეებზე კომენტარებს არ ვაკეთებ – ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე