უმრავლესობა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხზე რეზოლუციის ინიცირებას გეგმავს

საპარლამენტო უმრავლესობა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხზე რეზოლუციის ინიცირებას გეგმავს. უმრავლესობა რეზოლუციით საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას მოითხოვს:
“აშკარად ჩანს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების რისკი არის მაღალი და დროა, საერთაშორისო საზოგადოებამ გააკეთოს მეტი მობილიზაცია და მეტი კონცენტრირება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის თვალსაზრისით. ჩვენ მოვითხოვთ რუსეთისგან, დაუშვას ტერიტორიაზე საერთაშორისო დამკვირვებლები და ის მისიები, რომლებიც ამგვარი ფაქტების პრევენციაზე მუშაობენ. ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე პასუხიმგებლობა ცალსახად ეკისრება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს. გამოვიყენებთ საერთაშორისო მექანიზმებს იმისთვის, რომ ამ ფაქტზე ყურადღება არ განელდეს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ერთი კვირის შემდეგ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტი დავიწყებას მიეცემა, ვერ დავამშვიდებდი ამ ადამიანებს. საერთაშორისო ფორმატებში ეს იქნება აქტიური საკითხი. ნურავის ექნება იმედი, რომ ეს ფაქტი დავიწყებას მიეცემა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საერთაშორისო რეაგირება იყოს მკაცრი”, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ. მისივე თქმით, რეზოლუციაზე განცხადებას დღეს, ბიუროს სხდომაზე გააკეთებს, ხუთშაბათს მოხდება მისი დარეგისტრირება და მომავალ კვირაში პარლამენტი შეეცდება სხდომაზე, ერთი მოსმენით უყაროს კენჭი.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ადმინისტრაციასა და „ფერმერთა ასოციაციას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
შემდეგი სტატია„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის საჯარიმო სანქციები გამკაცრდება