უმძიმესი ვითარება წნორის ხანდაზმულთა სახლში – ომბუდსმენის მონიტორინგის ჯგუფის დასკვნა

სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფმა კახეთში, სიღნაღის რაიონში მდებარე ხანდაზმულთა სახლის “ხანდაზმულთა საველე ბეთელის” მონიტორინგი განახორციელა, რომელმაც აჩვენა, რომ დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა შემაშფოთებელია და ხანდაზმულები ღირსების შემლახველ პირობებში იმყოფებიან.

ომბუდსმენის აპარატის მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ბენეფიციარები მძიმე ანტისანიტარულ პირობებში იმყოფებიან. შენობაში გაუსაძლისი და მძაფრი სუნი დგას, ყურადღება არ ექცევა ბენეფიციართა ჰიგიენას და მათ უმეტესობას ძველი, დახეული და ჭუჭყიანი ტანსაცმელი აცვია.

ამასთან, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ დაწესებულება არ უზრუნველყოფს პირადი ჰიგიენის საშუალებებს და პირადი ჰიგიენის დაცვაში მხარდაჭერას. ბენეფიციარებთან გასაუბრებისას კი გაირკვა, რომ მათ არ აქვთ ბანაობის შესაძლებლობა. ერთ-ერთი ხანდაზმულის თქმით, მიმდინარე წელს საერთოდ არ უბანავია.

“ხანდაზმულთა სახლს არ აქვს ადეკვატური ინფრასტრუქტურა. აქ არის მხოლოდ ერთი სააბაზანო ოთახი, რომელიც განკუთვნილია ყველა ბენეფიციარისთვის, სველ წერტილებში კი საშინელი ანტისანიტარიაა.

დაწესებულება უგულებელყოფს ხანდაზმულთა ჯანმრთელობის დაცვას. კერძოდ, არ აქვს ექიმის კადრი, არსებული მცირე სამედიცინო დოკუმენტაცია არასრულია.

შემაშფოთებელ ანტისანიტარულ მდგომარეობასთან ერთად, დაწესებულებას არ აქვს წინასწარ, სპეციალისტის მიერ შედგენილი, ხანდაზმულთა საჭიროებებზე მორგებული კვების მენიუ. შესაბამისად, მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა ვერ შეძლეს საკვების კვებითი ღირებულების შეფასება.

ხანდაზმულთა სახლის პერსონალს არ აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, კერძოდ, არ აქვთ გავლილი ხანდაზმულთა მოვლისთვის აუცილებელი ტრენინგები. ყურადსაღებია, რომ დაწესებულებას არ ჰყავს კაცი მომვლელი, რომელიც უზრუნველყოფდა კაცი ბენეფიციარების მოვლას ისე, რომ არ შელახულიყო ხანდაზმულთა ღირსება. უნდა აღინიშნოს, რომ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალის ანაზღაურება ყველაზე დაბალია, სახალხო დამცველის აპარატის მიერ შემოწმებულ და შესწავლილ სხვა ხანდაზმულთა სახლებთან შედარებით.

იკვეთება ხანდაზმულთა დიფერენცირება, მათი როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური ჯანმრთელობის მიხედვით. აღნიშნული აღვივებს ბენეფიციართა შორის დაპირისპირებასაც.

შესამჩნევია, ადმინისტრაციის მიმართ შიში და უნდობლობა. ადმინისტრაციის თანდასწრებით, ხანდაზმულები არ გამოთქვამდნენ წუხილს და ერიდებოდნენ მათთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე საუბარს. ხოლო, მარტო დარჩენის შემთხვევაში, მონიტორინგის ჯგუფთან აფიქსირებდნენ დაწესებულებაში ცხოვრების გამოწვევებს”, – აღნიშნულია მონიტორინგის ჯგუფის განცხადებაში.

ხანდაზმულთა არასათანადო, ღირსების შემლახველ მდგომარეობაში ყოფნის გამო ომბუდსმენმა მიმართა ჯანდაცვის მინისტრს და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოს, მყისიერად მოახდინოს რეაგირება ზემოაღნიშნულ დარღვევებზე და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს დაწესებულებაში მყოფი ხანდაზმულების გადაყვანა სხვა დაწესებულებებში, სადაც მათ ღირსეული პირობები ექნებათ.

წნორის ხანდაზმულთა სახლი სათემო ორგანიზაციაა, სადაც განთავსებულია 21 ხანდაზმული, მათგან 17 ბენეფიციარის მომსახურებას სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო აფინანსებს. (2 პირს მუნიციპალიტეტი აფინანსებს და ორი თვითდაფინანსებაზეა). შესაბამისად, სახელმწიფო პასუხისმგებელია ხანდაზმულთა საცხოვრებელი მდგომარეობის მონიტორინგზე, ასევე, ხანდაზმულთათვის სერვისის მიმწოდებლის მხრიდან სათანადო პირობების უზრუნველყოფაზე.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალურ მდივანთან საუბრისას უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერას გაუსვა ხაზი
შემდეგი სტატიაზელენსკი – მჯერა, რომ 27-ვე ევროპული ქვეყანა მხარს დაუჭერს კანდიდატის სტატუსის ჩვენთვის მონიჭებას