25.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

უმაღლეს სასწავლებლებში 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს 2030-2031 წლის ჩათვლით დაფინანსება შეუნარჩუნდებათ

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პარლამენტს ახალი საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა, რომელიც იმ სტუდენტების ინტერესებს იცავს, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩაირიცხნენ. ცვლილებების მიხედვით, ამ სტუდენტებს 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით არა მხოლოდ უნარჩუნდებათ უკვე მოპოვებული გრანტი, არამედ ეძლევათ შანსი, მონაწილეობა მიიღონ საგრანტო კონკურსებში და გაიუმჯობესონ დაფინანსება.

“უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, რომელიც 2025 წლის 17 დეკემბრიდან ამოქმედდა, საგრანტო დაფინანსების სისტემა გაუქმდა. საგრანტო სისტემა მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლესს სასწავლებლებში სწავლის სრულად სახელმწიფოს მიერ დაფინანსების მოდელით ჩანაცვლდა.

იმავდროულად, 2025 წლის დეკემბრის კანონით განისაზღვრა, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ იმ სტუდენტთა სწავლის დაფინანსება, რომელიც 2026 წლამდე მოიპოვეს, სახელმწიფოს მიერ 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით, იმავე ოდენობითა და პირობებით გაგრძელდებოდა, რაც მათ ახალი კანონის მიღებამდე ჰქონდათ მოპოვებული.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტავს, კანონში არსებული ჩანაწერი მხოლოდ იმ დაფინანსების შენარჩუნებას გულისხმობს, რომელიც სტუდენტებს უკვე ჰქონდათ მოპოვებული. უწყების განმარტებითვე, ეს იმ პირთა ინტერესებს გამორიცხავს, რომლებიც უნივერსიტეტში ახალი კანონის ამოქმედებამდე ჩაირიცხნენ – მაგალითად, ნაწილობრივი გრანტით ან გრანტის გარეშე და ჰქონდათ ლეგიტიმური მოლოდინი იმისა, რომ სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მეშვეობით დაფინანსების მოპოვებას ან გაზრდას შეძლებდნენ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილება სრულად უზრუნველყოფს სახელმწიფო საგრანტო კონკურსებში სტუდენტების მონაწილეობას, სოციალური პროგრამებით სარგებლობას, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ დადგენილი წესით დაფინანსების მიღების შესაძლებლობას.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქი შიო III სიონის ტაძარში მივიდა, სადაც ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღასრულა
შემდეგი სტატია“ნატოში არსებობს შეშფოთება საქართველოში მმართველობის ტრაექტორიასთან დაკავშირებით”- ალიანსის წარმომადგენელი