უმაღლეს საბჭოში ოკუპირებულ გალის რაიონში მშობლიურ ენაზე განათლების უფლების დარღვევასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გაფართოებულ სხდომაზე ოკუპირებულ გალის რაიონის ტერიტორიაზე მშობლიურ ენაზე განათლების უფლების დარღვევასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.
სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ საქართველოს პარლამენტის წევრები – განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ამილახვარი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია; პრეზიდიუმის გაფართოებული სხდომის მუშაობაში ონლაინ დისტანციურ რეჟიმში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა, განათლების ექსპერტმა ლია გიგაურმა, არასამთავრობო ორგანიზაცია – „კავკასიის განვითარების“ ხელმძღვანელმა ქეთევან ცხოვრებაშვილმა, სტუდენტმა დავით ესათიამ.
პრეზიდიუმის წევრებისა და სტუმრების წინაშე ოკუპირებული გალის რაიონის ტერიტორიაზე მშობლიურ ენაზე განათლების უფლების დაცვისკენ მიმართული ღონისძიებების შესახებ ვრცელი მოხსენებით წარდგა უმაღლესი საბჭოს ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნანა კვარაცხელია. მან ისაუბრა გაწეული შრომატევადი საქმიანობის, საინტერესო აქტივობების, საპილოტე პროექტში ჩართული ადამიანების შესახებ. გაწეული მუშაობის თვალსაჩინოდ წარმოჩენის შემდეგ, გაიმართა საინტერესო დისკუსია, რომელშიც ყველა სტუმარმა და პრეზიდიუმის უკლებლივ ყველა წევრმა მიიღო მონაწილეობა. საბოლოო შეთანხმების შესაბამისად თითოეული მონაწილისაგან გამოითქვა მზადყოფნა თანამშრომლობისათვის, რათა მოხერხდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების ხელშეწყობა, ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და ოკუპანტის მიერ მიზანმიმართული გარუსების პოლიტიკისადმი გონივრული ღონისძიებებით დაპირისპირება.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხაში აქვსენტ გვილავას სახლი დაიწვა (ვიდეო)
შემდეგი სტატიაძლიერი ხანძარი კახეთში