უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა (SBU/SSS) 16 და 17 მაისის ღამეს რუსეთის ტერიტორიასა და ოკუპირებულ რეგიონებზე უპრეცედენტო მასშტაბის იერიში მიიტანეს. უპილოტო საფრენი აპარატების მეთაურის, რობერტ ბროვდის („მადიარის“) განცხადებით, ორ დღეში 186 დარტყმა განხორციელდა რუსეთის 46 სამხედრო მიზანზე, მათ შორის, კასპიის ზღვაში მყოფ სამხედრო ხომალდსა და შავი ზღვის ფლოტის სტრატეგიულ კვანძზე.
განადგურებული სტრატეგიული ობიექტების სია ასეთია:
სამხედრო ხომალდი დაღესტანში: ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ იქცა კასპიისკში (დაღესტანი) მყოფი 10410 პროექტის სასაზღვრო საგუშაგო გემი. აღსანიშნავია, რომ ეს ობიექტი ფრონტის ხაზიდან თითქმის 1000 კილომეტრითაა დაშორებული. რუსეთი ამ ხომალდს რეგიონში საჰაერო სამიზნეებთან ბრძოლისა და პატრულირებისთვის იყენებდა.
შავი ზღვის ფლოტის კავშირგაბმულობა: დრონებმა წარმატებით გაანადგურეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სტრატეგიული, დაცული კავშირგაბმულობის კვანძი დროებით ოკუპირებულ ყირიმში.
სამხედრო ტექნიკა და ლოგისტიკა: ლუგანსკის ოლქში განადგურებულია საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ტორ-М2“ (Тор-М2). ბერდიანსკში კი დარტყმა მიაყენეს პორტის ამწეებს, რომლებსაც ოკუპანტები სამხედრო ლოგისტიკისთვის იყენებდნენ, ასევე ააფეთქეს საწვავ-საპოხი მასალებით დატვირთული მატარებლის ეშელონი.
მეთაურთა განადგურება: დონეცკის ოლქში უკრაინულმა უპილოტოებმა წარმატებით დააზიანეს რუსული არმიის უპილოტოების მართვის პუნქტი, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საწყობი და ადგილი, სადაც რუსეთის არმიის ხელმძღვანელი შემადგენლობის შეკრება მიმდინარეობდა.


















