19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

უკრაინულმა ბრენდმა JULIYA KROS-მა მოდის კვირეულზე ადაპტირებული კოლექცია ვეტერანების მონაწილეობით წარადგინა

უკრაინულმა ბრენდმა JULIYA KROS-მა მოდის კვირეულზე ინკლუზიური და ადაპტირებული ტანსაცმლის ახალი კოლექცია წარადგინა. ჩვენების მთავარი ფილოსოფია და გზავნილია, რომ ტანსაცმელი უნდა ერგებოდეს შეცვლილ სხეულებს და არა პირიქით.

პოდიუმზე კოლექციის სამოსი მე-3 ცალკეული მოიერიშე ბრიგადისა და „აზოვის“ ვეტერანებმა გამოატანეს. ამით ბრენდმა გააგრძელა ტრადიცია, რომელსაც სრულმასშტაბიანი ომის დაწყების პირველივე დღეებიდან მიჰყვება.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კოლექციაზე მუშაობის პროცესში, რუსულმა საჰაერო თავდასხმამ ქალაქ სუმში მდებარე ბრენდის საწარმო დააზიანა. გუნდის წევრები უვნებლად გადარჩნენ და მიყენებული ზარალის მიუხედავად, მუშაობა არ შეუწყვეტიათ, რამაც წარდგენილ კოლექციას კიდევ უფრო დიდი სიმბოლური დატვირთვა შესძინა.

ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში ომის ვეტერანთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა, რაც ადაპტირებული და ფუნქციური ტანსაცმლის შექმნას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან აუცილებლობად აქცევს.

„ჩვენ ვქმნით ადაპტირებულ გადაწყვეტილებებს, რათა მათი ყოველდღიურობა უფრო კომფორტული გავხადოთ, სამოსი კი დარჩეს მოდური. კიდურის დაკარგვის მიუხედავად, ყველას აქვს ლამაზი და კომფორტული ტანსაცმლის ტარების უფლება“, — აცხადებს დიზაინერი და ბრენდის დამფუძნებელი იულია პერეკრიოსტოვა.

banner
წინა სტატიაშიისრაელმა სამხრეთ ლიბანზე იერიში მიიტანა
შემდეგი სტატიათაზო დათუნაშვილი: ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე კობახიძე და მდინარაძეც უნდა გამოიკითხონ