ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ინფორმაციით, 28 ივლის უკრაინელმა სამხედროებმა კონტრშეტევითი ოპერაციები სულ მცირე სამ მონაკვეთზე განახორციელეს და ბახმუტის მიმართულებით წინ წავიდნენ.
ინსტიტუტი ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით უკრაინელ ოფიციალურ პირებს ეყრდნობა. ISW-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა განაგრძეს კონტრშეტევითი ოპერაციები ბახმუტის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა თქვა, რომ უკრაინული ძალები აგრძელებენ ბახმუტის სამხრეთით წინსვლას.
უკრაინის წინსვლებს რუსული წყაროებიც ადასტურებს. კერძოდ, ISW-ის ცნობით, ერთ-ერთმა რუსმა სამხედრო ბლოგერმა 27 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინული ძალები კურდიუმივკასა და ანდრიივკას მახლობლად წინ წავიდნენ.
ISW-ის ინფორმაციითვე, უკრაინული წყაროების თანახმად, უკრაინული ძალები ბერდიანსკის მიმართულებით რუსეთის მთავარი თავდაცვითი ხაზიდან 10-12 კილომეტრის მანძილზე დაწინაურდნენ.