27.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 23, 2026
banner

უკრაინული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო, პუტინთან დაკავშირებული სუპერიახტა ბალტიის ზღვას ტოვებს

Screenshot

პუტინთან დაკავშირებული 100 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების სუპერიახტა Graceful, ორი რუსული სამხედრო ხომალდის თანხლებით ბალტიის ზღვას ტოვებს და მურმანსკისკენ მიემართება – ინფორმაციას გამოცემა The Telegraph ავრცელებს.

სტატიაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება უკრაინული შორი მოქმედების დრონების მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის შიშით მიიღეს. საზღვაო დაზვერვის მონაცემებისა და თანამგზავრული ფოტოების თანახმად, 82-მეტრიანი გემი ნორვეგიის სანაპიროს გასწვრივ მოძრაობს და უახლოეს დღეებში რუსეთის პორტ მურმანსკში იქნება.

ამავე ინფორმაციით, იახტა დრონების საწინააღმდეგო სპეციალური ბადითაა დაფარული, მას კი ესკორტირებას რუსული სამხედრო ხომალდი “სევერომორსკი” და სამაშველო-საპატრულო გემი “ვოევოდა” უწევენ.

ნატო-ს წყარო აცხადებს, რომ იახტის გადაადგილებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო-საზღვაო ძალები აკონტროლებენ. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ამ იახტით პუტინმა წარსულში არაერთხელ იმგზავრა, მათ შორის, 2021 წელს, შავ ზღვაზე ალექსანდრ ლუკაშენკოსთან ერთად. გემი აღჭურვილია საცურაო აუზებით, ვერტმფრენის დასაჯდომი მოედნით, სპორტული დარბაზითა და უსაფრთხო სამთავრობო საკომუნიკაციო სისტემებით.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე 17 დღით ადრე, იახტა ჰამბურგის გემთსაშენიდან სასწრაფოდ კალინინგრადში გადაიყვანეს, რამდენიმე თვეში კი შეერთებულმა შტატებმა მას სანქციები დაუწესა. ამის შემდეგ გემი რადარებიდან გაქრა და მის შესახებ საჯარო მონაცემები თითქმის ოთხი წლის განმავლობაში პირველად, მხოლოდ ერთი კვირის წინ გამოჩნდა. კერძოდ, ავტომატური იდენტიფიკაციის სისტემამ მისი გადაადგილება დანიის სრუტის გავლისას დააფიქსირა, თუმცა ჩრდილოეთის ზღვაში შესვლისთანავე იახტამ კავშირი კვლავ გაწყვიტა.

მიუხედავად ამისა, გამცილებელი გემი „ვოევოდა“ აგრძელებდა მდებარეობის შესახებ მონაცემების გადაცემას და ნორვეგიის სანაპიროს გავლით ჩრდილოეთისკენ მიემართებოდა. The Telegraph-ის ინფორმაციით, რუსული კოლონა ნორვეგიის ქალაქ ტრომსეს გვერდის ავლით მოძრაობს, მურმანსკის პორტში საბოლოო გაჩერებამდე.

banner
წინა სტატიაშისოფელ ლეხაინდრავოში ცოფის გამო კარანტინი გამოცხადდა — დაავადება ძროხას დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაზელენსკი: ველა ხედავს, რომ ჩვენ რუსეთს ინიციატივა წავართვით და ვაბრუნებთ ამ ომს იქ, საიდანაც ის მოვიდა