უკრაინული დრონების იერიშის შედეგად, რუსეთის ორ უმსხვილეს მარცვლეულის ტერმინალზე საექსპორტო ოპერაციები შეჩერდა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, იერიშის შედეგად დაზიანდა ნოვოროსიისკის მარცვლეულის ტერმინალი (Novorossiysk Grain Terminal), რომლის წლიური საექსპორტო სიმძლავრე დაახლოებით 8.5 მილიონ ტონას შეადგენს. ობიექტზე სამუშაო პროცესი ზარალის სრულ შეფასებამდე შეჩერებულია.
ამასთანავე, დაზიანება მიიღო მეზობლად მდებარე NKHP-ის ტერმინალმაც, რომელსაც წელიწადში დაახლოებით 7.1 მილიონი ტონა მარცვლეულის გატანა შეუძლია. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მუშაობა ამ ობიექტზეც შეჩერებულია.
ორივე ტერმინალის ჯამური საექსპორტო შესაძლებლობა წელიწადში დაახლოებით 15.6 მილიონ ტონას აღწევს, რაც რუსული მარცვლეულის ექსპორტისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს.















