საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ უკრაინის დაზვერვის მასალებში ნახსენები რუსული სამხედრო კომუნიკაციის ტერმინალები საქართველოს ტერიტორიას არ ეხება.
სუს-ის განცხადებით, უწყებას უკრაინის საგარეო დაზვერვიდან „არანაირი მსგავსი ინფორმაცია“ არ მიუღია. უწყება ირწმუნება, რომ უკრაინული მხარის განცხადებაში მხოლოდ უკრაინასთან, ფრონტის ხაზთან და აფრიკის კონტინენტთან დაკავშირებული რუსული ქსელები იყო მითითებული, თუმცა განცხადებასთან ერთად გამოქვეყნებულ ფოტოზე დატანილმა ლოკაციამ „არასწორი ინტერპრეტაციის სივრცე“ შექმნა საქართველოს შესახებ.
უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ცდილობს გაარკვიოს, რა გზით გავრცელდა მსგავსი მასალა, რომელმაც „კონკრეტულ ჯგუფებს საქართველოში ცრუ და ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის წარმოების საშუალება მისცა“.
„გუშინდელი დღის შემდეგ სხვადასხვა მედიაპლატფორმებიდან (ასევე კონკრეტული აქტივისტების მხრიდან) კამპანიურად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს უკრაინის დაზვერვის მასალებით საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სპეციალური უსაფრთხო კომუნიკაციის ტერმინალების ქსელები. მიუხედავად ამისა, ხსენებული მედიაპლატფორმების არცერთ წარმომადგენელს უსაფრთხოების სამსახურისთვის ამ დრომდე არ მოუმართავს.
„თავის მხრივ, არანაირი მსგავსი ინფორმაცია არ მიგვიღია უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურიდანაც. ამ უკანასკნელმა, გავრცელებულ განცხადებაში, მიუთითა ასეთი ქსელების უკრაინასთან, ფრონტის ხაზზე და აფრიკის კონტინენტზე არსებობის შესახებ. ამავე დროს, განცხადებასთან ერთად გამოქვეყნებულ ფოტოზე დატანილმა ლოკაციამ დატოვა მათ მიერ გახმოვანებული ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაციის სივრცე საქართველოს შესახებ.
ჩვენ პროაქტიულად ვცდილობთ გავარკვიოთ, რით იყო გამოწვეული, მათივე განცხადებისგან განსხვავებული ისეთი მასალის გავრცელება, რომელმაც კონკრეტულ ჯგუფებს საქართველოში ცრუ და ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის წარმოების საშუალება მისცა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, ტექნიკური და ოპერატიული მეთოდების კომბინაციით გამოვლენილია რუსული შეიარაღებული ძალების სპეციალური დაცული კომუნიკაციის ტერმინალების ქსელი უკრაინის ფრონტის ხაზსა და აფრიკის კონტინენტზე. ინფორმაცია ოფიციალურ განცხადებაშია გავრცელებული.
დაზვერვამ გამოაქვეყნა რუკაც, სადაც აღნიშნულია სავარაუდო ლოკაციები. ერთ მონიშნულ წერტილს საქართველო შეესაბამება, თუმცა განცხადების ტექსტში საქართველოს შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ არის მითითებული.


















