უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოკლე გზა არ არის, ჩვენ თუ ჩავდებთ ინვესტიციებს და ამას შევუთავსებთ რეფორმებს, ეს გაკვალავს გზას ევროკავშირისკენ – ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ უკრაინის აღსადგენად ინვესტიციები უნდა განხორციელდეს, რეფორმებთან ერთად. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოკლე გზა არ არსებობს, თუმცა ინვესტიციები თუ იქნება შეთავსებული რეფორმებთან, ეს ევროკავშირისკენ გზას გაკვალავს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი სწავლობს სამართლებრივ გზებს, რომ რუსეთს ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხი აგებინოს.

„უკრაინის აღსადგენად ინვესტიციების განხორციელება უნდა ხდებოდეს რეფორმებთან ერთად, ქვეყნის ადმინისტრაციული შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოებების უზრუნველსაყოფად. ჩვენ უკვე ბევრი გავაკეთეთ უკრაინასთან ერთად და ბევრი ვიცით ერთმანეთის შესახებ; ჩვენ განვახორციელეთ რეფორმები ერთად, მაგალითად – მიწის რეფორმა, რეფორმა ოლიგარქების განსადევნად, ბევრი გაკეთდა ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში. ჩვენ გვაქვს ასევე საერთო ელექტროსისტემები. საბოლოოდ, მნიშვნელოვანია სიგნალი, რომ უკრაინისთვის მოკლე გზა არ არის, პირობები უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა ჩვენ თუ ჩავდებთ ინვესტიციებს და ამას შევუთავსებთ რეფორმებს, ეს გაკვალავს გზას ევროკავშირისკენ.

დაბოლოს ვიტყვი, რომ დამნაშავემ – რუსეთმა – თავისი სამართლიანი წილი უნდა გადაიხადოს. ასე რომ, ჩვენ ვსწავლობთ სამართლებრივ საფუძველს ამის მისაღწევად“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

წინა სტატიაში„ზელენსკის კვირაში 7 პარასკევი აქვს, მას „მოლაპარაკებები მოლაპარაკებისთვის“ სურს“ – ლავროვი
შემდეგი სტატიაყველაზე დაუსაბუთებელი განაჩენი, ბოლო წლებში შესწავლილ განაჩენებს შორის – ლომჯარია გვარამიას საქმეზე