უკრაინის ვიცე-პრემიერი – სტატუსის მინიჭებაზე უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ერთ კალათაში მოქცევა ზრდის გაურკვევლობას და არის დამატებითი მოწოდება სკეპტიკოსებისთვის, რომ თქვან „არა“

უკრაინა დიპლომატიურ ძალისხმევას მიმართავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებთან გაიმარჯვოს. ამის შესახებ სტატიას გამოცემა Euractiv აქვეყნებს.

როგორც გამოცემა წერს, ბოლო კვირებში უკრაინამ მოხიბლვის შეტევა დაიწყო, რათა დაარწმუნოს ჯერ კიდევ სკეპტიკურად განწყობილი დასავლეთ ევროპული დედაქალაქები, რომ მიანიჭონ მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და თავიდან აიცილოს კიდევ ორ იმედის მქონე ქვეყანასთან, მოლდოვასა და საქართველოსთან ერთ გუნდში გაერთიანების ხაფანგი.

როგორც მოსალოდნელია ევროკომისია უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე თავის მოსაზრებას 17 ივნისს გამოაქვეყნებს. შესაბამისად, ევროკავშირის ლიდერებს დაახლოებით ერთი კვირა რჩებათ დოკუმენტის შესასწავლად, ვიდრე ამ საკითხზე 23-24 ივნისს დაგეგმილ ევროკავშირის მნიშვნელოვან სამიტზე გადაწყვეტენ.

როგორც მედიასაშუალება ევროკავშირის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, მოსალოდნელია, რომ გადაწყვეტილება, რომელიც უნდა განიხილოს და დამტკიცდეს ევროკომისრების კოლეგიის მიერ, იქნება დადებითი და „სიფრთხილით ფორმულირებული“.

გამოცემის ცნობით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უკრაინელი მაღალჩინოსნები ევროპის დედაქალაქებში ვიზიტებს მართავენ, რაც არის შეთანხმებული დიპლომატიური ძალისხმევა შეხვედრის წინ. 8 ივნისს უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი ცდილობდა, დაერწმუნებინა ევროკავშირის კანონმდებლები სტრასბურგში უკრაინის ძალისხმევის მხარდასაჭერად.

„ჩვენ განაცხადი მარტში წარვადგინეთ. ევროკავშირის ლიდერებმა აიღეს ფორმალური პოლიტიკური ვალდებულება, რომ უკრაინა გახდება ევროკავშირის ნაწილი და ახლა ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი ნაბიჯი ჩვენთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა არ ითამაშოს დაპირებების თამაში“, – განაცხადა ბრიუსელში ვიზიტისას უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეფანიშინამ.

ევროკავშირის რამდენიმე ლიდერმა წარადგინა ალტერნატიული წინადადებები, როგორიც არის უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მოგვიანებით მინიჭება. სხვა შეთავაზება საფრანგეთიდან ითვალისწინებს უკრაინის მიღებას მეზობელი ქვეყნების უფრო ფართო, მეორეხარისხოვანი დონის სტრუქტურაში სრული წევრობის მინიჭების გარეშე.

„ყოველ შემთხვევაში, უკრაინისთვის უარის თქმასთან დაკავშირებით კონსენსუსი არ არის, რადგან ევროკავშირის ვერც ერთი ლიდერი ვერ იტყვის ამას საჯაროდ. ამის სანაცვლოდ, მიმდინარეობს დისკუსია მოდალობებზე. სხვა პოზიტიური საკითხია, რომ მთელ ევროპაში ჩვენ გვყავს ძლიერი მხარდამჭერები პოზიტიური გადაწყვეტილებისთვის, არა მხოლოდ აღმოსავლეთით ან ჩრდილოეთით“, – განაცხადა სტეფანიშინამ და დაასახელა იტალია, ირლანდია და საბერძნეთი, რომლებიც შესაძლოა, იყვნენ „ფარული მოთამაშეები“ კიევის მხარეს.

როგორც Euractiv წერს, გასულ თვეში სტეფანიშინამ განაცხადა, რომ უკრაინისთვის ევროინტეგრაციის დაჩქარებულ პროცედურას ექვსი-შვიდი მოწინააღმდეგე ქვეყანა ჰყავდა, მათ შორის, მან დაასახელა გერმანია, პორტუგალია, ესპანეთი, ავსტრია და შვედეთი. ერთი თვის შემდეგ ბრიუსელში ვიზიტისას მედიასთან საუბრისას უკრაინის ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ავსტრიის მიდგომა შეიცვალა, ხოლო გერმანიამ და ბენილუქსის ქვეყნებმა პოზიციები შეამსუბუქეს. სტეფანიშინას ცნობით, ნიდერლანდები და ჩრდილოეთის ქვეყნები, როგორიცაა ფინეთი და დანია სავარაუდოდ, დაელოდებიან ევროკომისიის დასკვნას გადაწყვეტილების მიღებამდე.

„ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს ძალიან მოულოდნელად სკეპტიკოსი პორტუგალიის სახით, ეს არის ქვეყანა უმსხვილესი უკრაინული დიასპორით, რომლის წინააღმდეგობა მოულოდნელია“, – აღნიშნა სტეფანიშინამ.

ამასთან, როგორც მედიასაშუალება წერს, მრავალი დამკვირვებელი შიშობს, რომ უნგრეთს მიერ სანქციების მეექვსე პაკეტის ბლოკირების გათვალისწინებით, ბუდაპეშტმა შესაძლოა, კვლავ ჩაშალოს უმაღლესი დონის მოლაპარაკებები და ამჯერად პრობლემები შექმნას უკრაინის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

Euractiv წერს, რომ საქართველო და მოლდოვა არიან ასოცირებული ტრიოს ის ქვეყნები, რომლებმაც უკრაინის შემდეგ ასევე წარადგინეს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადები, რაც გამოწვეული იყო უკრაინაში რუსეთის ინტერვენციით.

გამოცემამ უკრაინის ვიცე-პრემიერს ჰკითხა, შიშობს თუ არა, რომ უკრაინის განაცხადის საქართველოსთან და მოლდოვასთან მიბმის იდეამ, შეიძლება, კიდევ უფრო გაართულოს გაწევრიანების პროცესი, რაზეც სტეფანიშინამ აღნიშნა, რომ კიევი იქნება ნამდვილად შეშფოთებული ასეთი შესაძლებლობით.

„დედაქალაქებთან მოლაპარაკებების, ასევე აქ ბრიუსელში დისკუსიების დროს, ეს იყო ყველაზე დიდი შეშფოთების საკითხი, რადგან ჩვენ სამს ომის მიღმა ძალიან განსხვავებული სიტუაცია გვაქვს“, – განაცხადა სტეფანიშინამ.

თუმცა, მედიასაშუალების ცნობით, ევროკავშირში მრავალი მაღალჩინოსანი და დიპლომატი ბოლო კვირებში აღიარებს, რომ რთული იქნება აღმოსავლეთ ევროპის ამ სამი ქვეყნის ერთად მიბმა, ვინაიდან მათ შორის საერთო საფუძველი არ არის დიდი. მათი აზრით, უკრაინა ახლა ბევრად განსხვავებულ სიტუაციაშია რუსეთის ინტერვენციის გამო და შესაძლოა, პოტენციურად განხილული იყოს როგორც განსაკუთრებული შემთხვევა. ამასთან, მათივე შეფასებით, რთულია წარმოდგენა, რომ საქართველოს და მოლდოვას შეუძლიათ, მოულოდნელად რეფორმების გატარება, რომელთა განხორციელებასაც ისინი ამ დრომდე ცდილობდნენ. როგორც გამოცემა აღნიშნავს, დამატებით შემაფერხებელ ფაქტორად კი სახელდება ის, რომ მოლდოვასა და საქართველოს აქვთ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული რეგიონები.

„ჩვენი, სამი ქვეყნის ერთ კალათაში მოქცევა ზრდის გაურკვევლობას, ეს არის დამატებითი მოწოდება სკეპტიკოსებისთვის, რომ თქვან „არა“, რადგან უკრაინისთვის – ეს არის მკაფიო, საქართველოსთვის – არ არის მკაფიო, მოლდოვისთვის – არ არის მკაფიო“, – აღნიშნა სტეფანიშინამ.

banner
წინა სტატიაშიოკუპანტები მარიუპოლს ძარცვავენ – გააქვთ გადარჩენილი მანქანები, სათამაშო მოედნები, სამედიცინო აღჭურვილობა
შემდეგი სტატიაანა დოლიძე – ევროპის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც კრიტიკულია საქართველოს მიმართ – ამის ფასი აუცილებლად უნდა გადაიხადოს საქართველოს ხელისუფლებამ