უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრი – სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს, ის არის პირდაპირ აგრესორი

სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, ის არის პირდაპირ აგრესორი, – ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრმა, პავლო როზენკომ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან განაცხადა, სადაც დღეს საქართველოსა და რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად იმყოფებოდა.

„იმ დროს(2008 წელს), რაც საქართველოში ხდებოდა, უკრაინა საქართველოს გვერდით იყო, უკრაინის პრეზიდენტი, ბატონი იუშენკო ჩამოსული იყო და სოლიდარობის სიტყვები გამოთქვა. უკრაინამ საქართველოსთან არამხოლოდ სოლიდარობა გამოთქვა, არამედ ყველანაირ დახმარებას უწევდა. მე პატივი მინდა მივაგო იმ გმირებს, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისთვისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდნენ. სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, ის არის პირდაპირი აგრესორი და ამ დროს როგორც გახსოვთ, პოლონეთის პრეზიდენტმა, ლეხ კაჩინსკიმ თქვა, რომ მთელი პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. რუსეთის მიზანია როგორც უკრაინის, ისე საქართველოს სრული ექსპანსია. მაშინ ლეხ კაჩინსკიმ თქვა, რომ საქართველო არის პირველი ნაბიჯი, შემდეგ იქნება ბალტიისპირეთის ქვეყნები, მერე იქნება უკრაინა და შემდეგ პოლონეთი და მისი სიტყვები, როგორც ხედავთ, ახდა – საქართველოს მერე იყო უკრაინის ნაწილის ოკუპაცია, აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპაცია, ყირიმის ოკუპაცია და რუსეთი მოქმედებს მხოლოდ ისეთი მეთოდებით, როგორითაც საქართველოში მოქმედებდა. ეს არის პირდაპირი სამხედრო ოკუპაცია
რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა იმ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე, რომელიც შეიქმნა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკანონო ბორდერიზაცია, აგრეთვე ჩვენ უნდა აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მთვრობის ინიციატივას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. საქართველოს მთავრობა, რა თქმა უნდა, ცდილობს, რომ კონტაქტი დაამყაროს იმ მოსახლეობასთან, რომელიც საოკუპაციო ხაზის იქით დარჩა და ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ურთიერთობა დამყარდეს, თუმცა, რუსეთი ცდილობს, რომ ამას ყველანაირად ხელი შეუშალოს.
საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირისა და ნატოს სრული წევრობა ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების ერთიანობას, განვითარებას და აგრეთვე ჩვენს ქვეყნებს რუსეთის აგრესიისგან დაიცავს“, – განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშისოფიო ქაცარავა : ჩვენი მთავარი ამოცანაა აგრესიას ვუპასუხოთ მშვიდობით, შიდა სტაბილურობითა და ქვეყნის განვითარებით
შემდეგი სტატიამამუკა კუდავა-რუსეთმა საქართველოში ომი ორი მთავარი მიზეზის გამო დაიწყო