უკრაინა აგრძელებს კონსულტაციებს პარტნიორებთან დასავლეთ უკრაინის თავზე „საჰაერო თავდაცვის ფარის“ შექმნის შესაძლებლობის შესახებ, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა უკრაინა-ნატო-ს საბჭოს სხდომის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრას წინ უძღოდა უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული მასობრივი საჰაერო თავდასხმა, რისთვისაც რუსეთის ფედერაციამ 200-ზე მეტი რაკეტა და დრონი გამოიყენა.
„პარტნიორებს მივაწოდეთ ინფორმაცია არსებული სიტუაციის შესახებ. მათთან განვიხილეთ გეგმები საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და ჩამჭრელი რაკეტების მიწოდების შესახებ. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საჰაერო თავდაცვა. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ კონსულტაციებს, მათ შორის ორმხრივ ფორმატში, ქვეყნის დასავლეთ ოლქების თავზე „საჰაერო თავდაცვის ფარის“, ეგრეთ წოდებული „უსაფრთხოების სარტყლის“ შექმნის შესახებ“, – აღნიშნა უმეროვმა.
მან მოკავშირეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„უფრო და უფრო მეტი მოკავშირე მხარს უჭერს უკრაინის მიერ თავდაცვის მიზნით შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენების შეზღუდვების მოხსნას“, – აღნიშნა უმეროვმა.