უკრაინის, საქართველოს, მოლდოვისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხარდაჭერა ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს – ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინის ომმა ცხადი გახადა, რომ ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორებთან თანამშრომლობა უნდა გააძლიეროს.

„ევროკავშირი მტკიცედ აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ამ ომის მოსაგებად. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და არაპროვოცირებული აგრესიის კონტექსტში, „სტრატეგიული კომპასი” აშკარად ხაზს უსვამს ჩვენს განზრახვას, გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორებთან. უკრაინის, საქართველოს, მოლდოვასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხარდაჭერა ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას და მათთან კავშირების განმტკიცებას,“- აღნიშნა ბორელმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე.

მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოსა და მოლდოვის არალეტალური სამხედრო დახმარების გაზრდას სთავაზობს.

„ჩვენ ვთავაზობთ არალეტალური სამხედრო დახმარების ზომების გაზრდას საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის სასარგებლოდ. ის ხელს შეუწყობს ლოგისტიკის, კიბერთავდაცვის, სამხედრო სამედიცინო, საინჟინრო და მობილობის შესაძლებლობების გაუმჯობესებას. ჩვენ მათ ივნისში წარვადგენთ,“- განაცხადა ბორელმა.

banner
წინა სტატიაშისაჭიროა “ქართული ოცნების”, როგორც რუსული პროექტის უარყოფა და არჩევნების აღიარება – მივმართავ „ნაცმოძრაობას”, როგორც კი ამას გააკეთებთ, დასრულდება ე.წ. პოლარიზაცია – პაპუაშვილი
შემდეგი სტატიაიტალიის მკაფიო პოზიციაა, რომ საქართველოს ევროინტეგრაცის დასაჩქარებლად, კანდიდატის სტატუსის თაობაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ – ზურაბიშვილი