უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილო ბუდანოვის ინფორმაციით, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი არ მოუკლავთ. ბუდანოვი „მეტ-ნაკლებად დადასტურებული“ მონაცემების საფუძველზე ამბობს, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი თრომბია.
„შეიძლება იმედი გაგიცრუოთ, მაგრამ რაც ვიცით ის არის, რომ რეალურად ის თრომბით დაიღუპა. ეს მეტ-ნაკლებად დადასტურებულია. ეს არ არის ინტერნეტიდან აღებული, მაგრამ, სამწუხაროდ, ბუნებრივია(სიკვდილი)“, – განაცხადა ბუდანოვმა.
ალექსეი ნავალნის მიერ დაფუძნებული „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ ხელმძღვანელმა მარია პევჩიხმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი „ტყუის“.
ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის სიკვდილიდან მალევე, „ინფორმირებულ წყაროებზე“ დაყრდნობით, გარდაცვალების მიზეზად თრომბი დაასახელა კრემლის მიერ კონტროლირებულმა ტელეკომპანია RT-მ.