ლიდერები მხარს უჭერენ „საერთაშორისო სამხედრო ძალებს“ მშვიდობის უზრუნველსაყოფად და მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, – ამის შესახებ შვედეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადება გავრცელდა გერმანიის, დანიის, ფინეთის, საფრანგეთის, იტალიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, შვედეთისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერების, ასევე ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტების სახელით.
„ლიდერები მიესალმებიან პრეზიდენტ ტრამპის მიერ უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფის მცდელობებში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. ისინი ასევე მიესალმნენ პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ ტრამპის გუნდებს, ასევე ევროპულ გუნდებს შორის ბოლო დღეებისა და კვირების განმავლობაში მჭიდრო თანამშრომლობას. ისინი შეთანხმდნენ, რომ პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად იმუშავებენ მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, რომელიც შეინარჩუნებს უკრაინის სუვერენიტეტს და ევროპულ უსაფრთხოებას. ლიდერებმა დადებითად შეაფასეს შეერთებულ შტატებს, უკრაინასა და ევროპას შორის ძლიერი ინტეგრაცია. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა განუყოფელი ნაწილია უფრო ფართო ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. მათ ნათლად განაცხადეს, რომ უკრაინა და მისი ხალხი იმსახურებენ აყვავებულ, დამოუკიდებელ, სუვერენულ და რუსული აგრესიის შიშისგან თავისუფალ მომავალს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-მა და ევროპელმა ლიდერებმა აიღეს ვალდებულება, ერთად იმუშაონ უკრაინისთვის უსაფრთხოების მყარი გარანტიებისა და ეკონომიკური აღდგენის მხარდაჭერის ზომების უზრუნველსაყოფად ომის დასრულების შესახებ შეთანხმების კონტექსტში. ეს მოიცავს შემდეგ ვალდებულებებს:
„უკრაინისთვის შეიარაღებული ძალების ასაშენებლად მდგრადი და მნიშვნელოვანი მხარდაჭერის უზრუნველყოფა, რომლებიც მშვიდობიან დროს 800 000-იან დონეზე უნდა დარჩეს, რათა შეძლონ კონფლიქტის თავიდან აცილება და უკრაინის ტერიტორიის დაცვა.
ევროპის ხელმძღვანელობით შექმნილი „საერთაშორისო სამხედრო ძალა უკრაინა“, რომელიც შედგება „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში მონაწილე ქვეყნების შენატანებისგან და აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი იქნება. ის ხელს შეუწყობს უკრაინის ძალების აღდგენას, უკრაინის ცის უსაფრთხოებას და უსაფრთხო ზღვების მხარდაჭერას, მათ შორის უკრაინაში ოპერაციების გზით.
აშშ-ის ხელმძღვანელობით შექმნილი ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგისა და ვერიფიკაციის მექანიზმი საერთაშორისო ჩართულობით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნებისმიერი მომავალი თავდასხმის ადრეული გაფრთხილება და რეაგირება ნებისმიერ დარღვევაზე, ასევე კონფლიქტების მოგვარების მექანიზმი, რათა იმუშაოს ორმხრივი დეესკალაციის ქმედებებზე, რომლებიც შეიძლება, განხორციელდეს ყველა მხარის სასარგებლოდ.
კანონით აღებული ვალდებულება, ეროვნული პროცედურების შესაბამისად, მომავალი შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში მშვიდობისა და უსაფრთხოების აღსადგენად ზომების მიღების შესახებ. ეს ზომები შეიძლება, მოიცავდეს შეიარაღებულ ძალებს, სადაზვერვო და ლოჯისტიკურ დახმარებას, ეკონომიკურ და დიპლომატიურ ქმედებებს.
ინვესტირება უკრაინის მომავალ კეთილდღეობაში, მათ შორის აღდგენისა და რეკონსტრუქციისთვის ძირითადი რესურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ურთიერთსასარგებლო სავაჭრო შეთანხმებების და რუსეთის მიერ უკრაინისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაციის საჭიროების გათვალისწინებით. ამ მხრივ, ევროკავშირში რუსეთის სუვერენული აქტივები იმობილიზებულია.
მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ ლიდერებმა გამოხატეს მხარდაჭერა პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ და შეთანხმდნენ, რომ მხარს დაუჭერენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც ის საბოლოოდ მიიღებს უკრაინის კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.
„მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საერთაშორისო საზღვრები არ უნდა შეიცვალოს ძალის გამოყენებით. ტერიტორიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები უკრაინის ხალხმა უნდა მიიღოს, მას შემდეგ, რაც ეფექტურად იქნება ამოქმედებული უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები. ისინი შეთანხმდნენ, რომ ზოგიერთი საკითხი მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე უნდა გადაწყდეს. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მხარს დაუჭერენ პრეზიდენტ ზელენსკის, საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციები გაიაროს თავის ხალხთან. მათ ნათლად განაცხადეს, რომ როგორც ნებისმიერ შეთანხმებაში არაფერია შეთანხმებული მანამდე, ვიდრე ყველაფერი არ იქნება შეთანხმებული და რომ ყველა მხარემ ინტენსიურად უნდა იმუშაოს იმ გადაწყვეტის მისაღწევად, რომელიც უზრუნველყოფს საბრძოლო მოქმედებების ხანგრძლივ დასრულებას. მათ ასევე ნათლად განაცხადეს, რომ ნებისმიერი შეთანხმება უნდა იცავდეს ევროატლანტიკური სივრცის გრძელვადიან უსაფრთხოებასა და ერთიანობას, ასევე ნატო-ს როლს ძლიერი შეკავების უზრუნველყოფაში. მათ განაცხადეს, რომ ევროკავშირსა და ნატო-ზე მოქმედი ნებისმიერი ელემენტი განხილული იქნება შესაბამისად ევროკავშირისა და ნატო-ს წევრებს შორის. ახლა რუსეთის ვალია, გამოხატოს მზადყოფნა, იმუშაოს ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო გეგმაზე დათანხმებით და აჩვენოს თავისი ერთგულება საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ ზეწოლის გაზრდას რუსეთზე, რათა მოსკოვი სერიოზულ მოლაპარაკებებში დაარწმუნოს. ყველამ აიღო ვალდებულება, იმუშაონ სწრაფ შემდგომ პროგრესზე მომდევნო დღეებსა და კვირებში, რათა ერთობლივად დადონ და დაამტკიცონ ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ შეთანხმება. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი მტკიცე მხარდაჭერა პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინის ხალხის მიმართ რუსეთის უკანონო შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში და სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
შვედეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტში აღნიშნულია, რომ ეს განცხადება ღიაა სხვა ქვეყნებისთვისაც, რათა შეუერთდნენ.
ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ: გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი, შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი, დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი დიკ სხოოფი, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე, ასევე პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი.















