უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, უკრაინამ რუსეთის მიერ გაშვებული 556 დამრტყმელი დრონიდან 541 ჩამოაგდო.
მათი თქმით, დრონების დიდი რაოდენობა შემოვიდა ჩრდილოეთიდან – ჩერნიჰივისა და სუმის ოლქებიდან.
“24 მარტს რუსეთი ახორციელებს უკრაინაზე ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ თავდასხმას დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატებით. მხოლოდ დღის განმავლობაში მოწინააღმდეგის კიდევ 550-ზე მეტი დამრტყმელი დრონი შემოიჭრა. კერძოდ, 24 მარტის 09:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში, წინასწარი მონაცემებით, მოწინააღმდეგემ 556 დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა. დრონების დიდი რაოდენობა შემოვიდა ჩრდილოეთიდან – ჩერნიჰივისა და სუმის ოლქებიდან.
საჰაერო თავდასხმის მოსაგერიებლად ჩართულია ყველა შესაძლო საჰაერო თავდაცვის საშუალება – პილოტირებული ავიაცია, საზენიტო დრონები, რადიოელექტრონული ბრძოლის (REB) სისტემები და სახმელეთო საჰაერო თავდაცვა. წინასწარი მონაცემებით, 18:00 საათის მდგომარეობით, საჰაერო თავდაცვის მიერ ჩამოგდებული ან ჩახშობილია მოწინააღმდეგის 541 უპილოტო საფრენი აპარატი. საბრძოლო მუშაობა გრძელდება! უკრაინის ცის დამცველები აკეთებენ ყველაფერს, რათა მაქსიმალურად ეფექტურად მოიგერიონ მტრის საჰაერო თავდასხმები”- წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი.
















