უკრაინის საგარეო უწყება – პროვოკაციების მოწყობის საბაბია რუსეთის ბრალდება, რომ დონბასში ქიმიური იარაღი ჩაიტანეს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პროვოკაციების მოწყობის საბაბია რუსეთის ბრალდება, რომ დონბასში ქიმიური იარაღი ჩაიტანეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

კიევში კატეგორიულად უარყოფენ ინსინუაციებს, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერ ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებაში, რომელსაც უკრაინული მედია ავრცელებს.

„რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, ქიმიური ნივთიერებეების, ამერიკელი კერძო სამხედრო კომპანიების ინსტრუქტორებისა და დონბასში საცხოვრებელი სახლების მისამართით ცეცხლის გახსნის თაობაზე, არის რუსეთის დეზინფორმაციის მორიგი მაგალითი. რუსეთი აგრძელებს საინფორმაციო საბაბის შექმნას, რითაც უკრაინის ტერიტორიაზე მისი სამხედრო ძალების მხრიდან შესაძლო სამომავლო პროვოკაციას გაამართლებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინა მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს მტრული რიტორიკა და ულტიმატუმები ენის გამოყენებაზე უარი თქვას. უკრაინის საგარეო უწყებაში მოსკოვისგან მინსკის შეთანხმების შესრულებას ითხოვენ.

„რუსეთის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის შეწყვეტა და კონფრონტაციის ლოგიკაზე უარის თქმა იქნება საუკეთესო გარანტია ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადეს უკრაინის საგარეო უწყებაში.

21 დეკემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ჩაიყვანეს ამერიკელი კერძო კომპანიის 120 ინსტრუქტორი, ჩაიტანეს ქიმიური ნივთიერებები და პროვოკაციას ამზადებენ.

პენტაგონში შოიგუს ინფორმაციას ტყუილი უწოდეს.

banner
წინა სტატიაშისაჯარო სექტორში პირველი იანვრიდან 10 იანვრამდე უქმე დღეები ცხადდება
შემდეგი სტატიამანჯგალაძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება