უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ ბუდაპეშტი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უკრაინული ბანკის (Ощадбанк) შვიდი თანამშრომლის “მძევლად აყვანაში” დაადანაშაულა, მას შემდეგ რაც ისინი 5 მარტს უნგრეთში დააკავეს.
“ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ უნგრეთმა მძევლები აიყვანა და ფული მოიპარა. თუ ეს არის ის ძალა, რომელიც დღეს ორბანმა დააანონსა, მაშინ ეს კრიმინალური დაჯგუფების ძალაა. ეს არის სახელმწიფო ტერორიზმი და რეკეტი”, – დაწერა სიბიჰამ.
სიტუაციის შესახებ უკრაინის ეროვნულმა ბანკმაც გაავრცელა განცხადება და დაკავებული პირების დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვა.
“ჩვენ მოვითხოვთ უნგრეთის ხელისუფლებისგან უკრაინის მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მათი დაკავების მიზეზების ოფიციალურ განარტებას, ასევე ინფორმაციის მოწოდებას ბანკის მანქანებისა და შესაბამისი ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.
სიბიჰამ მოგვიანებით, 6 მარტს განაცხადა, რომ უკრაინელ კონსულებს ბანკის თანამშრომლებთან წვდომა კვლავაც არ აქვთ.
“უნგრულ მხარეს არანაირი განმარტება არ წარუდგენია. ჩვენ მოვითხოვთ დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ვამზადებთ შემდეგ ნაბიჯებს, მათ შორის ევროკავშირის დონეზე”, – აღნიშნა მინისტრმა X-ზე.
ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა 5 მარტს განაცხადა, რომ “დრუჟბას” მილსადენის აღსაღდგენად უკრაინის წინააღმდეგ “პოლიტიკურ და ფინანსურ ინსტრუმენტებს” გამოიყენებდა.















