თბილისში, უკრაინის საელჩოსთან გამართულ მხარდამჭერ აქციაზე მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ინფორმციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
დაპირისპირების მიზეზი გახდა აქციის მონაწილეთა სურვილი, გადასულიყვნენ გზის სავალ ნაწილზე და გაეშალათ დროშები, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. შეკრებილების განცხადებით, გზის სავალი ნაწილის დროებით დაკავების შესახებ შესაბამისი განცხადება წინასწარ ჰქონდათ წარდგენილი.
„მოქალაქეები მოვედით იმისთვის, რომ უკრაინელ ხალხს გამოვუცხადოთ მხარდაჭერა. პოლიცია კი ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციას და დროშებსაც კი არ გვაშლევინებს“, — განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ადგილზე პოლიციის დამატებითი ეკიპაჟები გამოცხადდნენ. შექმნილი ვითარების გამო, მონაწილეებმა სოლიდარობის მსვლელობა საფეხმავლო ბილიკზე (ტროტუარზე) გააგრძელეს.














