უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ვიზიტი საქართველოში დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, დღეს საქართველოს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სახელმწიფო ვიზიტით ესტუმრა.
უკრაინის პრეზიდენტს, პირველ ლედის და სახელმწიფო დელეგაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ საქართველოს ვიცე პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა, ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და სხვა ოფიციალური პირები.


უკრაინის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ხვალ, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან, ქართველი და უცხოური მედიის წარმომადგენლებისათვის განცხადებებს გააკეთებენ და მათ შეკითხვებს უპასუხებენ. პრესკონფერენციამდე სასახლეში ორმხრივ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.
უკრაინის პრეზიდენტი გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, მათ ხსოვნას პატივს მიაგებს და საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს დაათვალიერებს.
19 ივლისს პეტრო პოროშენკო საქართველოს პრეზიდენტთან ერთად სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზს ეწვევა.
სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება პეტრო პოროშენკოს შეხვედრები პრემიერმინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.
უკრაინის პრეზიდენტი, სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში მყოფ უკრაინელ ბიზნესმენებთან ერთად, საქართველო – უკრაინის ბიზნესფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.
სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში პეტრო პოროშენკო 19 ივლისს სვანეთს და აჭარას ესტუმრება.
მესტიაში მარგიანების სახლ-მუზეუმს, ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმს, ასევე, ტრადიციულ სვანურ კოშკს დაათვალიერებს.
ბათუმში კი, უკრაინის პრეზიდენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს შეხვდება.
ბათუმში პეტრო პოროშენკო გიორგი მარგველაშვილთან ერთად საქართველო – უკრაინის საინვესტიციო ფორუმს გახსნის და მის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

banner
წინა სტატიაში19 წლის გოგოს მკვლელობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა ფოთში 1 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი უკრაინის პრეზიდენტს მასპინძლობს