უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის გათავისუფლება ჯერ კიდევ ზაფხულში იგეგმებოდა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ინფორმაციით, ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობიდან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ჯერ კიდევ ზაფხულში იგეგმებოდა.

„თანამდებობიდან ოდესის გუბერნატორის გათავისუფლება ზაფხულში იგეგმებოდა, თუმცა პრეზიდენტი და მიხეილ სააკაშვილი პირადი შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება სააკაშვილის პირადი ვალდებულებების და გარკვეული მოთხოვნების შესრულების შემდეგ შესრულდებოდა“, – განუცხადა პეტრე პოროშენკოს ადმინისტრაციის წარმომადგენელმა საინფორმაციო პორტალ Newsyou.info-ს.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ასევე განმარტავენ, რომ საუბარი სხვადასხვა მოთხოვნებზე, მათ შორის, ოდესა-რენის ავტომაგისტრალის მშენებლობასა და ოდესის ოლქში „ერთი ფანჯრის“ პრინციპის ამოქმედებაზე იყო.

„არც ერთი მოთხოვნა არ შესრულდა. სააკაშვილმა შექმნა შთაბეჭდილება, რომ ის თვითონ გადადგა და თანამდებობიდან არ გაათავისუფლეს“, – აღნიშნეს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქის ბუბერნატორის თანამდებობა 7 ნოემბერს დატოვა. მან შესაბამისი განცხადებით უკრაინის მთავრობას მიმართა.

მინისტრთა კაბინეტმა გუშინ, სააკაშვილის გადაწყვეტილება დააკმაყოფილა და შესაბამისი წარდგინება პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაუგზავნა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის მინისტრს შეხვდა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი : საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობა ღრმავდება