ვოლოდიმირ ზელენსკის ახალი კანონპროექტის მიხედვით, იმ თანამშრომლებს, რომლებსაც უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში ( NABU ) სახელმწიფო საიდუმლოებებზე წვდომა აქვთ, დაეკისრებათ პოლიგრაფით შემოწმება.
▪️უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის, ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს, გენერალური პროკურატურის, სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროსა და ეროვნული პოლიციის შიდა კონტროლის სამსახურები, უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებული მეთოდოლოგიით შემოწმების პროცედურას კანონის ამოქმედებიდან 6 თვის თავზე ჩაატარებენ, შემდეგ კი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩაატარებენ პოლიგრაფის ტესტირებას იმ თანამშრომლებისთვის, რომლებსაც წვდომა აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებებზე — მათ შორის, რუსეთთან შესაძლო კოლაბორაციონისტური ქმედებების გამოვლენის მიზნით;
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა მხარი დაუჭირეს პრეზიდენტის ახალ კანონპროექტს — ამის შესახებ თავად ზელენსკიმ განაცხადა.
▪️ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებს საომარი მდგომარეობის პერიოდში, აეკრძალებათ უცხოეთში გამგზავრება. კანონპროექტის დეტალები გაავრცელა დეპუტატმა, იაროსლავ ჟელეზნიაკმა
▪️გენერალური პროკურატურა და იუსტიციის სამინისტრო გააძლიერებენ ძალისხმევას იმ პირთა ძებნისა და ექსტრადირებისთვის, რომლებიც თავს არიდებენ გამოძიებას, სასამართლოს ან სასჯელის მოხდას უცხოეთში;
▪️გენერალური პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, აქტივების მართვის სააგენტო, ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო, ეკონომიკური უსაფრთხოების ბიურო, საგამოძიებო ბიურო, უსაფრთხოების სამსახური, ეროვნული პოლიცია და ფინანსური მონიტორინგის სამსახური გააძლიერებენ ძალისხმევას კრიმინალური გზით მოპოვებული აქტივების უცხო ქვეყნებიდან ძებნის, აღმოჩენისა და დაბრუნებისთვის;
▪️კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში, მინისტრთა კაბინეტმა და უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ უნდა შეიტანონ შესაბამისი ცვლილებები სამართლებრივ აქტებში, რაც ოფიციალური მივლინებების გარდა, აკრძალავს ბიუროს თანამშრომლების საზღვარგარეთ გამგზავრებას საომარი მდგომარეობის პერიოდში.
▪️ ამასთანავე, ზელენსკიმ უმაღლეს რადას წარუდგინა კანონპროექტი უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობის შესახებ.
▪️ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივა სრულად აღადგენს როგორც ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს, ასევე სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის საპროცესო უფლებამოსილებებს და უზრუნველყოფს მათ ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას — ნათქვამია ბიუროს განცხადებაში.
დოკუმენტში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი დებულებაა:
▪️გენერალურ პროკურორსა და მის მოადგილეებს არ ექნებათ უფლება მისცენ მითითებები სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის პროკურორებს;
▪️სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის თანამშრომლები ანგარიშვალდებულნი იქნებიან მხოლოდ შესაბამისი უწყების ხელმძღვანელისა და მისი მოადგილეების წინაშე;
▪️კანონპროექტის მიხედვით, გენერალურ პროკურორს ეკრძალება მითითებების მიცემა ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დეტექტივებისთვის;
▪️ამოიღეს დებულება იმის შესახებ, რომ საგამოძიებო მოქმედებები შეიძლებოდა ჩატარდეს სასამართლო განჩინების გარეშე — აღდგა წინა ვერსია;
▪️გენერალურ პროკურორს ექნება უფლება, გარკვეულ შემთხვევებში სისხლის სამართლის საქმეები სხვა საგამოძიებო ორგანოებიდან გადაეცეს ანტიკორუფციულ ბიუროს;
▪️ასევე, გენერალურ პროკურორს შეეძლება მოითხოვოს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ აღძრული ნებისმიერი საქმე გადასახედად.
ოთო კონჯარია
















