უკრაინის მხარეს მებრძოლი დაქირავებული უცხოელების რაოდენობით, საქართველო მესამე ადგილს იკავებს – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკელი ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში განაცხადა.
პუტინის თქმით, თუ რომელიმე სახელმწიფო უკრაინაში რეგულარული არმიის გაგზავნას გადაწყვეტს, ამით კაცობრიობას ძალიან სერიოზული, გლობალური კონფლიქტის ზღვარზე დააყენებს.
„მე არ მესმის, რატომ უნდა იბრძოდნენ ამერიკელი ჯარისკაცები უკრაინაში. შტატებიდან იქ არიან დაქირავებული მებრძოლები. ყველაზე მეტი დაქირავებული არის პოლონეთიდან, მეორე ადგილზე ამერიკაა, ხოლო მესამეზე საქართველო. თუ ვინმეს აქვს რეგულარული არმიის გაგზავნის სურვილი, ამით კაცობრიობას ნამდვილად დააყენებს ძალიან სერიოზული, გლობალური კონფლიქტის ზღვარზე. ეს აშკარაა. შეერთებულ შტატებს ეს სურს? რატომ? საკუთარი ეროვნული ტერიტორიიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით? საზღვარზე ბევრი პრობლემა გაქვთ: მიგრაცია, სახელმწიფო ვალთან დაკავშირებული პრობლემები – 33 ტრილიონ დოლარზე მეტი. სხვა საქმე არაფერი გაქვთ, უკრაინაში უნდა იბრძოლოთ?“, – მიმართა პუტინმა ამერიკელებს.