ილია II-ის პიროვნება განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის – კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოხატავს და მართლმადიდებლურ ეკლესიასა და ქართველ ხალხს უსამძიმრებს.
მიტროპოლიტის თქმით, უკრაინისთვის დასამახსოვრებელია, რომ საქართველოს პატრიარქმა მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას.
“მწუხარებითა და თანაგრძნობით მივიღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალების ამბავი, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვრის, სულიერი ლიდერის, რომელმაც ცხოვრება ღმერთის, ეკლესიისა და ქართველი ხალხის მსახურებას მიუძღვნა
ჩვენთვის ასევე დასამახსოვრებელია, რომ მან მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას, რომელიც რუსეთის მიერ სრულმასშტაბიან შემოჭრას განიცდის. პატრიარქ ილია II-ის პიროვნება განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის. მისმა მსახურებამ მრავალი ადამიანი შთააგონა, დაეხმარა განსაცდელების დაძლევასა და იმედის შენარჩუნებაში ყველაზე რთულ დროსაც კი, განსაკუთრებით რუსი დამპყრობლების მიერ პროვოცირებული ომების დროს. გულწრფელად ვუსამძიმრებ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსებს, სასულიერო პირებს და ყველა მორწმუნეს, რომლებმაც დაკარგეს წინამძღვარი, ასევე ქართველ ხალხს, რომლისთვისაც ის არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ნამდვილი სულიერი მამაც იყო“, – წერს კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე.
საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

















