უკრაინის ყოფილი სამი პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერებს მიმართავს, ხელისუფლებას დაეხმარონ „აზოვსტალში“ მყოფი სამოქალაქო და სამხედრო პირების გადარჩენაში

უკრაინის ყოფილი სამი პრეზიდენტი, ლეონიდ კუჩმა, ვიქტორ იუშენკო და პეტრო პოროშენკო მიმართავენ მსოფლიო ლიდერებს, დაეხმარონ ხელისუფლებას უკრაინელი სამოქალაქო და სამხედრო პირების გადარჩენაში, რომლებიც მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

„მივმართავთ მსოფლიოს ქვეყნების ლიდერებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ჩინეთში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში, ასევე გაერო-ში, დაეხმარონ უკრაინის ხელისუფლებას უკრაინელი სამოქალაქო პირებისა და სამხედროების სიცოცხლის გადარჩენაში, რომელთა განადგურებას რუსეთი, პუტინის ბრძანებით, ბარბაროსული მეთოდებით ცდილობს „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე.

ქალაქი მარიუპოლი თითქმის მთლიანად გაანადგურა რუსეთის არმიამ, რომელიც ახლა ცდილობს, თავისი დანაშაულის კვალი დამალოს.

ქალაქის უკრაინელი ჯარისკაც-დამცველების არაჩვეულებრივმა გამბედაობამ და გმირობამ არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მთელი მსოფლიო გააოცა. „აზოვის“ ბატალიონი, ჩვენი საზღვაო ქვეითები, ჩვენი მესაზღვრეები უკვე შევიდნენ ისტორიაში, რადგან მათი სამხედრო წარმატება უპრეცედენტოა. ისენი არიან ჩვენი ეროვნული გმირები, თავგანწირული მამაცი პატრიოტები. მაგრამ ახლა უკვე საუბარი აღარ არის თანასწორ თუ უთანასწორო ბრძოლაზე. მთელი მსოფლიოს თვალწინ ხდება რუსების სისხლიანი შურისძიებისა და რეპრესიების მცდელობა მათ წინააღმდეგ, ვინც, მიუხედავად იმისა, რომ ალყაში იყვნენ, დაამარცხეს ისინი სულისა და ნებისყოფის ძალით.

მოგიწოდებთ თითოეულ თქვენგანს, შეუერთდეთ გმირი უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენას. ათობით მილიონი უკრაინელი იმედით გიყურებთ და ცივილიზებული მსოფლიოს ყველა ხალხი მადლიერებით დაგიკრავთ ტაშს თქვენი წარმატებული შუამავლობისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიემიგრანტებთან დაკავშირებით მელიას პოზიციას ვიზიარებ, აქტიურად უნდა დავიწყოთ საუბარი, რომ რაც შეიძლება მეტი მოქალაქე იყოს ჩართული საარჩევნო პროცესში – უდუმაშვილი
შემდეგი სტატიაგარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობს