უკრაინის ხელისუფლების რიგი წარმომადგენლების მხრიდან გვესმის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი განცხადებები, რაც ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას – ბოჭორიშვილი

სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების რიგი წარმომადგენლების მხრიდან გვესმის აბსოლუტურად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი განცხადებები, რაც ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილი გამოეხმაურა უკრაინის რადაში მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას განცხადებას, სადაც არახამია ამბობს, რომ რუსული კომპანიები ქართულ კომპანიებს სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებენ და აშშ-მა ამის გამო ზომები უნდა მიიღოს.

როგორც მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, მსგავსი განცხადებები საქართველოს ინტერესების დაზიანებაა.

„სამწუხაროა, როცა ამ ვითარებაში, როდესაც უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ერთად უნდა იდგნენ, ერთად იბრძოდნენ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე პროგრესის მისაღწევად, უკრაინელი კოლეგების მხრიდან ასეთ განცხადებებს ვისმენთ. ეს ხელს უშლის საერთო ინტერესების მიღწევას. ეს არის საქართველოს ინტერესების სერიოზული დაზიანებაა. ჩვენ არაერთი ასეთი განცხადება მოვისმინეთ. საბედნიეროდ, ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, უმეტეს შემთხვევაში, ძალიან სწორად აფასებენ საქართველოს ხელისუფლების პოზიციებს უკრაინასთან მიმართებით. ეს საკითხი ჩვენი შეხვედრების ფარგლებში განხილვის თემა არ ყოფილა, თუმცა რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია ტენდენცია, რაც უკრაინის წარმომადგენლების მხრიდან რამდენჯერმე განმეორდა და უსაფუძვლო ბრალდებების სერია გრძელდება, რაც ორმხრივ ურთიერთობებს აზიანებს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

წინა სტატიაშიროცა უცხო ქვეყანაში თანამდებობის პირი ხარ და გარკვეულ ბრალდებებს აკეთებ, აუცილებლად უნდა დაასაბუთო, საკუთარი ქვეყნის ღალატს ადგილი არ უნდა ჰქონდეს – ბითაძე
შემდეგი სტატიამორალურად ალბათ ყველაზე რთულია, გაამართლო რუსეთის მხრიდან შემოსავალი მაშინ, როცა თავი მოგაქვს ყველაზე დიდ მებრძოლად რუსეთის წინააღმდეგ – ბოჭორიშვილი