19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

უკრაინის ხელისუფლება 2026-2027 წლების ზამთრის სეზონისთვის მიწისქვეშა საცავებში 14.6 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის დაგროვებას აპირებს

“უკრაინა მომავალი ზამთრის სეზონისთვის გაზის მარაგების გაზრდას გეგმავს” – აცხადებს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი, დენის შმიჰალი.

მისი განცხადებით, აღნიშნული მოცულობა „საბაზისო სცენარს“ გულისხმობს, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ მინიმუმად 13.2 მილიარდი კუბური მეტრი დაწესდება.

შედარებისთვის, გასული წლის ოქტომბერში, ზამთრის სეზონის დაწყებამდე, უკრაინის რეზერვები 13.2 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენდა.

მინისტრის განმარტებით, მომავალი ზამთარი ისეთივე რთული იქნება, როგორიც მიმდინარე პერიოდია, რის გამოც უსაფრთხოების გარემოებების გათვალისწინებით სიფრთხილის გამოჩენა იქნება საჭირო. ამჟამად სახელმწიფო კომპანია Naftogaz-ი და უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემის ოპერატორი საიმპორტო მარაგების დაჯავშნას ცდილობენ. ამასთან, მუშაობენ ე.წ. „ვერტიკალური გაზის დერეფნის“ პროექტის ფარგლებში მომწოდებლებთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე. აღნიშნული მარშრუტი უკრაინას საბერძნეთის ტერმინალებიდან თხევადი ბუნებრივი აირის მიღების შესაძლებლობას აძლევს.

შეგახსენებთ, გასული წლის ბოლოს, უკრაინის გაზის მოპოვების ობიექტებზე რუსეთის თავდასხმების გახშირების შემდეგ, ქვეყანა იძულებული გახდა იმპორტი დღიურ 24 მილიონ კუბურ მეტრამდე გაეზარდა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ექსპერტები უკრიანას ურჩევენ, მომავალი სეზონისთვის საჭირო მარაგები არამარტო ძვირად ღირებული იმპორტირებული პროდუქციით, არამედ ქვეყნის შიგნით მოპოვებული ბუნებრივი აირით შეავსონ. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ომში მყოფმა ქვეყანამ ფინანსური რესურსების მაქსიმალური ოპტიმიზაციის გზას უნდა მიმართოს, რათა დაზოგილი თანხა სხვა საჭიროებებს მოახმაროს.

ცნობისთვის, ირანში მიმდინარე ომმა მსოფლიო ბაზარზე ნავთობისა და გაზის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია, რამაც ენერგორესურსების იმპორტიორი ქვეყნებისთვის, მათ შორის, უკრაინისთვის დამატებით ფინანსური გამოწვევა შექმნა.

banner
წინა სტატიაშიმეუფე გრიგოლი: ირგვლივ მაგალითი მრავალია, ავიც და კარგიც, მაგრამ ცუდის ქმნას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება, სიკეთის ქმნას კი სჭირდება ძალისხმევა
შემდეგი სტატიალიბანის ჯანდაცვის სამინისტრო: ომის დაწყებიდან ქვეყანაში 1 953 ადამიანი დაიღუპა