უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინული თავდასხმების შედეგად რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი შესაძლებლობები თითქმის განახევრდა და 42.74%-ით შემცირდა. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ის გარემოება, რომ საერთაშორისო სანქციების გამო სათადარიგო ნაწილების მიღება შეუძლებელია, რის გამოც დაზიანებული ობიექტების აღდგენითი სამუშაოები განუსაზღვრელი ვადით ჭიანურდება.
მხოლოდ ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა წარმატებით მიიტანეს იერიში 8 ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე (ნგქ). შედეგად, კრემლი იძულებული გახდა მკვეთრად შეემცირებინა ნავთობის მოპოვება, რამაც ქვეყნის შიგნით საწვავის მასშტაბური კრიზისი გამოიწვია. დასავლელი ანალიტიკოსების შეფასებით, ეს კრიზისი შესაძლოა რუსეთის ისტორიაში ყველაზე მძიმე აღმოჩნდეს.
გენშტაბის მონაცემებით, ქარხნების გარდა, განადგურებული ან კრიტიკულად დაზიანებულია ნავთობის 60-ზე მეტი რეზერვუარი, რომელთა 58% მზა ნავთობპროდუქტებს შეიცავდა, ხოლო 42% — ნედლ ნავთობს. ჯამურად, 2025 წლის აგვისტოდან მოყოლებული, რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის საერთო ზარალმა 13.5 მილიარდ დოლარს მიაღწია.
















