უკრაინელი დამცველები ბახმუტის სამხრეთით და რობოტინოს სამხრეთით წარმატებას აღწევენ, მტერს პოზიციებიდან აძევებენ და მიღწეულ ხაზებზე მაგრდებიან, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
გენშტაბის ცნობით, თავდაცვის ძალებსა და საოკუპაციო ძალებს შორის, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 39 სამხედრო შეტაკება მოხდა.
ამასთან, რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიის წინააღმდეგ 7 სარაკეტო და 74 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 46-ჯერ გაუხსნეს. ბახმუტის მიმართულებით, შეტევითი ოპერაციების შედეგად, თავდაცვის ძალებს აქვთ ნაწილობრივი წარმატება ბახმუტის სამხრეთით, განდევნიან მტერს თავიანთი პოზიციებიდან და კონსოლიდირდებიან მიღწეულ ხაზებზე.
“ამავდროულად, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას მელიტოპოლის მიმართულებით, ანადგურებენ მტერს და ათავისუფლებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს ეტაპობრივად, აქვთ წარმატებები რობოტინოს სამხრეთით მდებარე ტერიტორიაზე და მიღწეულ ხაზებზე მაგრდებიან”, – აცხადებენ გენშტაბში.
ამასთან, უკრინის თავდაცვის ძალების თვითმფრინავებმა, გასული 24 საათის განმავლობაში, 10 დარტყმა განახორციელეს მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებში და საზენიტო სარაკეტო სისტემების პოზიციებზე. სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა კი საბრძოლო მასალის საცავს, 6 საარტილერიო საშუალებას, 2 საკონტროლო პუნქტსა და 2 საზენიტო სარაკეტო სისტემას დაარტყეს.