უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსულ ძალებს შორის, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ლიმანის, ბახმუტისა და მარინკას მიმართულებებით 46 საბრძოლო შეტაკება მოხდა, მძიმე ბრძოლები გრძელდება, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
„მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტისა და მარინკას მიმართულებებზე, გრძელდება მძიმე ბრძოლები. დღე-ღამის განმავლობაში 46 საბრძოლო შეტაკება მოხდა“, – აცხადებენ გენშტაბში.
ამასთან, უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ერთი სარაკეტო და 27 საჰაერო დარტყმა განახორციელა, უკრაინის ჯარების პოზიციებისა და დასახლებების წინააღმდეგ კი ცეცხლი მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან დაახლოებით 80-ჯერ გახსნა.
უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღე-ღამის განმავლობაში 10 დარტყმა მიაყენა მტრის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ზონებს, 2 დარტყმა – საზენიტო-სარაკეტო სისტემებს და 1 – მართვის პუნქტს.
„დღე-ღამის განმავლობაში, სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა დაარტყეს მართვის პუნქტს, მტრის ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 4 რაიონს, საბრძოლო მასალის საწყობს, 27 საარტილერიო იარაღს, საჰაერო თავდაცვის ობიექტსა და მტრის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ობიექტს“, – აცხადებენ გენშტაბში.