უკრაინის გენშტაბი – რუსები ზაპოროჟიეზე შეტევის განახლებისთვის ემზადებიან

ზაპორიჟიეს მიმართულებით რუსი ოკუპანტები აძლიერებენ ჯარების ჯგუფებს, რათა განაახლონ შეტევითი ოპერაციები ვასილივკა-კამიანსკის მიმართულებით, ამ მიზნით ისინი გადაჯგუფებას ახორციელებენ, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

„მტერი არ წყვეტს შეტევით ოპერაციებს აღმოსავლეთის ოპერაციულ ზონაში. რუსული ძალები ინტენსიურ ცეცხლს ხსნიან კონტაქტის მთელი ხაზის გასწვრივ და ჩვენი ჯარების თავდაცვის სიღრმეში დონეცკის, სლობოჟანსკის და პივდენობუჟსკის ოპერაციულ რაიონებში. საომარი მოქმედებების უდიდესი აქტივობა შეიმჩნევა დონეცკის საოპერაციო ოლქში, კერძოდ ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის მახლობლად,“ – აღნიშნულია ანგარიშში.

გენშტაბის ცნობით, სივერსკის მიმართულებით, რუსული ძალები აგრძელებენ ზომების მიღებას უკრაინა-რუსეთის საზღვრის გასაძლიერებლად ბრიანსკის და კურსკის რაიონებში, იმისთვის, რომ არ დაუშვან უკრაინის ჯარების სხვა მიმართულებით გადაყვანა.

„მტერმა საჰაერო დარტყმა განახორციელა ჩვენი ჯარების პოზიციებზე სუმის ოლქის ბილოპილიას დასახლების ტერიტორიაზე. ხარკოვის მიმართულებით მტრის ძალისხმევა მიმართულია პოზიციების შენარჩუნებასა და ტაქტიკური პოზიციის გაუმჯობესებაზე. კერძოდ, მტერი ახორციელებს თავდასხმის ოპერაციებს სოფელ ტერნოვოს დასავლეთ და ჩრდილოეთ გარეუბნებში გამაგრების მიზნით.

სლოვიანსკის მიმართულებით მტრის ქვედანაყოფები შეტევის განახლებისთვის ემზადებიან. აგრესორმა, შეტევის მხარდასაჭერად, განათავსა არტილერიის დამატებითი ნაწილები ქალაქ იზიუმის სამხრეთ ნაწილში.

დონეცკის მიმართულებით მტერი ორიენტირებულია შეტევითი ოპერაციის ჩატარებაზე ქალაქების, ლისიჩანსკისა და სევეროდენცკის ალყაში მოქცევის მიზნით. სევეროდონეცკის მიმართულებით მტერი არტილერიის მხარდაჭერით ახორციელებს თავდასხმის ოპერაციებს ტოშკოვკასა და უსტინოვკას მიმართულებით,“ – აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ინფორმაციით, ავდიივკას, კურახივისა და ნოვოპავლივკას მიმართულებებით რუსულმა ძალებმა უკრაინის ქვედანაყოფებს ცეცხლი არტილერიისა და ავიაციის გამოყენებით გაუხსნეს.

“კრივი რიჰისა და მიკოლაივის მიმართულებით მტერი არ წყვეტს ჩვენი ჯარების პოზიციების საარტილერიო დაბომბვას,“- აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, უკრაინულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, დონეცკსა და ლუგანსკში მტრის 16 შეტევა მოიგერიეს.

„განადგურებულია 8 ტანკი, 22 ერთეული ჯავშანტექნიკა და ერთი მანქანა. საჰაერო ძალების ნაწილებმა გაანადგურეს 6 უპილოტო საფრენი აპარატი, მტრის ფრთოსანი რაკეტა და 21 ჯავშანტექნიკა,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ახლა ჰყავს მთავრობა, რომელიც რუსეთის რეჟიმს იმეორებს – ევროპარლამენტარი გლუკსმანი
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Salesforce-ის პრეზიდენტს ემი ვივერს შეხვდა